მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არანაირ პერსონალურ მომსახურებას არ იღებს მოქალაქე” - რამდენად სამართლიანად ვაფინანსებთ 112-ს?

ალაფა

12 წელია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული 112-ი მოქალაქეების მიერ მათი სატელეფონო ბალანსიდან ჩამოჭრილი თანხით ფინანსდება.

2020 წლამდე ფიზიკური პირებისთვის საფასური 20 თეთრი, იურიდიული პირებისთვის კი 50 თეთრი იყო. 2020 წელს მიღებული მთავრობის შესაბამისი განკარგულებით, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გადასახადი გათანაბრდა და 40 თეთრი გახდა. შედეგად პირველივე წელს, 112-მა 12,5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.

Bmg-ის მიერ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ წლიდან წლამდე ფიქსირებული და მობილური აბონენტებიდან ამოღებული თანხის მოცულობა იზრდება. აბონენტების ბალანსიდან ყოველთვიურად ჩამოჭრილი 40 თეთრიდან, 112-მა გასული წლის მდგომარეობით 15 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, მიმდინარე წლის 10 თვის მაჩვენებლებით კი აბონენტებისგან ამოღებული თანხა 13 მილიონ ლარს შეადგენს.

რამდენად სამართლიანად ვაფინანსებთ შსს-ს დაქვემდებარებულ უწყებას? ეს კითხვა დღესაც აქტუალურია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, როცა 5 წლის წინ იურისტ ლევან ალაფიშვილის საჩივრის საფუძველზე თავად სასამართლომ ცნო ამ გადასახადის არაკონსტიტუციურობა. იგივე დაადასტურა საერთო სასამართლოებმაც, სადაც მიუთითა, რომ მოსაკრებელი პარლამენტს უნდა დაედგინა. ასეც მოხდა. საკანონმდებლო ორგანომ კანონი მიიღო, მთავრობამ კი გადასახადი ფიზიკურ და იურიდიული პირებისთვის გაათანაბრა.

ლევან ალაფიშვილს 112-ის დაფინანსება დღესაც არასამართლიანად მიაჩნია.

“საკონსტიტუციომ დაადასტურა გადაწყვეტილების ანტიკონსტიტუციურობა. მაშინ ამის მთავარი საფუძველი გახლდათ ის, რომ შინაარსით ის არის გადასახადი, გადასახადის ტიპის თანხა, რომლის სანაცვლოდაც თითოეული აბონენტი, მოქალაქე არაფერს იღებს. შესაბამისად გადასახადი მოსაკრებლისგან ზუსტად იმით განსხვავდება, რომ მოსაკრებლის შემთხვევაში ჩვენ სანაცვლოდ რაღაცას ვიღებთ. მაგალითად, რეესტრს მივმართავ, ვიხდით მოსაკრებელს და ამაში ვიღებთ მომსახურებას, მაგრამ 112-ის შემთხვევაში უშუალოდ პერსონალურ რაიმე სარგებელს და მომსახურებას არ ვიღებთ და ამიტომ სწორედ პრეცენდენტულობიდან გამომდინარე ვაწარმოვეთ ეს დავა არამხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოში, მოგეხსნებათ მოვიგე მაშინ ეს საქმე, არამედ მინდოდა, რომ მოქალაქეებისთვის დამენახვებინა, რომ მათაც შეუძლაით საკუთარი უფლებების დაცვა, არამარტო საკონსტიტუციოში, არამედ საერთო სასამართლოებშიც.

საკონსტიტუციოში დავის დასრულების შემდეგ, ეს დავა გავაგრძელე საერთო სასამართლოებში და იქაც მოვიგე. უკან დავიბრუნე [გადახდილი თანხა]. პრინციპული იყო, რომ სრულად მოწესრიგებულიყო და ჩამეყენებინა კანონის ფარგლებში ჩემთან მიმართებაში ეს ყველაფერი და სხვებისთვისაც.

საკონსტიტუციოს როცა მოჰყვა სასამართლოში დავის გაგრძელება და იქ წარმატება, სახელმწიფომ დაინახა, რომ თუკი ეს ფართო სახეს მიიღებდა, შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური ტვირთი და გარდა ამისა სამართლებრივი შედეგები დამდგარიყო მისთვის საზიანო. თუ სწორად მახსოვს დაახლოებით 80 მილიონზე იყო ჯამურად საუბარი იმ კანონის საფუძველზე. სახელმწიფომ ძალიან მარტივი, ოღონდ არადემოკრატიული გამოსავალი იპოვა, ადგა და კანონი გააუქმა და ახალი კანონი მიიღო, რომლითაც კი არ შეამცირა გადასახადი, არამედ გაზარდა 112-ის საფასური. იყო 20 თეთრი ფიზიკური პირებისთვის და გახადა 40 თეთრი.

კურიოზულობა ჩვენი მთავრობის ქცევის იყო, რომ ფიზიკურ პირებს, რომელთაც 20 თეთრი ჰქონდათ საფასური, დაუწესა 40 თეთრი და იურიდიულ პირებს, რომელთაც 50 თეთრი ჰქონდათ იმათ ჩამოაკლო და შეუმცირა 10 თეთრით და 40 თეთრი დაუწესა იმათაც. შინაარსი ამ ყველაფრისა არ შეცვლილა.

კვლავ ვიმეორებ, რომ პერსონალურ არანაირ მომსახურებას არ იღებს მოქალაქე იქნება თუ სხვა აბონენტი. ეს გადასახადი, თამამი ვიქნები და ვიტყვი, რომ შეფუთულია მოსაკრებლად. ახალი კანონი რსაკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების განხილვების “ხანძრის ჩასაქრობად” მიიღო პარლამენტმა. ჩემი პრეცენდენტიც სამწუხაროდ არ იყო საკმარისი და კონფორტი კვლავ დარჩა ჩვენს ხელისუფლებას, რომ კანონის მორგებით ჩვენს ხარჯზე გაეგრძელებინა თბილად ცხოვრება”,-აცხადებს bm.ge-სთან ლევან ალაფიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები