ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დღეს ტუროპერატორებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა განაცხადა, რომ მათ მთავრობისგან მიიღეს ჩარჩო პროექტი იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით ხედავს ტურიზმის ადმინისტრაცია და ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის გახსნას და აღდგენას.
„ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იყო ის, რომ ეს ჩარჩო პროექტია და არა მზა. მათ აინტერესებდათ კერძო სექტორი რას ფიქრობს, რა ცვლილებები და შენიშვნები შეიძლება შევიტანოთ. პირდაპირი გზავნილი იყო - თქვენ გარეშე არ ვიღებთ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ კერძო სექტორმა კარგად იცით მუშაობაო. ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი“, - აღნიშნა მაია მურაჩაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, არის რამდენიმე ქვეყანა, რომელთა მოქალაქეების მარტივად შემოშვება ძირითადად ვაქცინაციის ინტენსივობის მიხედვით განისაზღვრა. „ასეთ ქვეყნებთან ავიარეისების აღდგენა პრიორიტეტული გახდა - პირობითად ვთქვათ ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები და ა.შ, რომელიც ისედაც იყო ჩვენი მიზნობრივი ჯგუფები და ყოველთვის გვქონდა მაღალი და მზარდი ტურისტული ნაკადი. გარდა ამისა, ევროპის ქვეყნებიდან ეს არის გერმანია, ჩვენ შევთავაზეთ პოლონეთი და უკრაინაც, რაც გაითვალისწინეს“, - აღნიშნა მან.
ტუროპერატორი განმარტავს, რომ საჭიროა მოსამზადებელი პერიოდი მათთვის, რათა პარტნიორებთან კომუნიკაციის დამყარება შეძლონ. „მარტის ბოლოდან და აპრილიდან უკვე დაიწყება აქტივობა. ეს ჩარჩო პროექტი იქნება მოკლევადიანი და ორიენტირებული ტურისტების სწრაფ მოზიდვაზე“- დასძინა მან.




























