მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გზავნილებით ჩამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენი საქართველოში? - ყველა განცხადება

აშშ

პრემიერი, არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი - ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე - ასეთი იყო გუშინ - 14 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიენის დღის წესრიგი, რომლით საქართველოს სპეციალური ვიზიტით სტუმრობდა. სახელმწიფოს მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ უწყებები მოკლე განცხადებებით შემოიფარგლებოდნენ. თითქმის ყველა განახლებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ ჯეიმს ო’ბრაიენთან შეხვედრის მთავარი საკითხი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი იყო.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის საქართველოში ვიზიტიც სწორედ „რუსული კანონის“ მესამე მოსმენით მიღების დღეს დაემთხვა. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს პარლამენტში „რუსული კანონის“ მეორედ ინიციირების შემდეგ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე კანონპროექტის ნეგატიურ გავლენაზე არაერთხელ გააკეთა განცხადება. 10 მაისს კი სახდეპმა ჯეიმს ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტი ოფიციალურად დაადასტურა. განცხადებაში ეწერა, რომ მისი ვიზიტის მიზანი ქართველი ხალხის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა იყო. ვიზიტამდე ერთი დღით ადრე კი „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ო’ბრაიენს საქართველოში ბიძინა ივანიშვილის სანქციების კონკრეტული პაკეტი უნდა ჩამოეტანა, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში არც უარყვეს და არც დაადასტურეს.

სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ჯეიმს ო’ბრაიენის შეხვედრები დაგეგმილზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. დატვირთული დღის შემდეგ კი ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მედიისთვის პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელმა აშშ-ის გზავნილები გააჟღერა.

ჯეიმს ო’ბრაიენის გზავნილების საქართველოს ხელისუფლებას

  • საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა

ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ თავისი დასკვნითი შეხვედრა მედიასაშუალებებთან, ვიზიტის მთავარ მიზანზე საუბრით დაიწყო. ჯეიმს ო’ბრაიენმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისას საქართველოსთვის აღმოჩენილ მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ ამერიკა ამაყობს ამ თანამშრომლობით და მზად არის ეს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდეს.

ჯეიმს ო'ბრაიენი: „ვიზიტის მთავარი მიზანია ის გახლავთ, რომ ჩვენ ამერიკელები და ამერიკა საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობას და სტრატეგიულ პარტნიორობას ვაფასებთ. ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე გვაინტერესებდა იზიარებს თუ არა საქართველო კიდევ ამ სტრატეგიულ პარტნიორობას?

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან მრავალ წელს ითვლის და 1992 წლიდან ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ 6 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარება განვახორციელეთ. ეს ბევრ სხვადასხვა მიმართულებას შეეხებოდა, მათ შორის ქვეყნის განვითარებას, თავდაცვას, ხელისუფლების სხვადასხვა შტოების განვითარებას.

30 წელზე მეტია ამერიკა საქართველოს ძალიან ძლიერი პარტნიორია. ამ ურთიერთობას განსაკუთრებით მას შემდეგ ვაფასებთ, რაც საქართველომ გადაწყვიტა ევროკავშირს და ტრანსატლანტიკურ გაერთიანებას დაკავშირებოდა. ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში მოხდა, როცა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა კონსტიტუციაში დაფიქსირდა. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ვიდექით და ვდგავართ საქართველოს გვერდით, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და მზად ვართ, გავაგრძელოთ დახმარება კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე“.

  • „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შესაბამისობა EU-ს და NATO-ს სტანდარტებთან

საუბრის მეორე ნაწილში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ტონი გამკაცრდა. ო’ბრაიენი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის განხილვაზე გადავიდა. მან ხაზგასმით განაცხადა, რომ კანონი ევროკავშირის და NATO-ს მოთხოვნების შეუსაბამოა და ამავე დროს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილ 78-ე მუხლს, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს ევროკავშირისკენ და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისას უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს.

ჯეიმს ო'ბრაიენი: „აქ ჩამოსვლისას ჩემთვის დამაბნეველი იყო, როცა 2 სხვადასხვა ტიპის საუბრები დამხვდა.

ერთი მიმართულება ეხება კანონს, რომელიც შეეხება უცხოურ გავლენას. ამ საუბრების ერთ-ერთი მიმართულება ის არის, რომ დაფინანსებასთან დაკავშირებით გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამბობენ, რომ ზოგიერთი დასავლელი დამფინანსებელი არ არის ისეთი გამჭვირვალე, როგორიც უნდა იყოს. ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ასეთია: ასეთი საკითხების რეგულირებისას საქართველო ევროკავშირთან და NATO-სთან შესაბამისობაში უნდა იყოს.

თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ არც თავად პროცესი და არც ეს კანონი შესაბამისობაში არ არის, ევროკავშირის მოთხოვნებთან. ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ ამ საკითხით იმგვარად განხილვას, რომ ეს ყველაფერი ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში იყოს. ჩვენ მანამდეც ძალიან მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ ეს ნაბიჯები მანამდე უნდა გადადგმული იყო და არ იქნებოდა ეს შედეგი, რომელიც ახლაა. რადგან საქართველოს სურვილი ევროკავშირისკენ და ნატოსკენ სწრაფვაა, არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომელიც ამ ორგანიზაციებს გააჩნიათ და კანონი ამ სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა იყოს.

საქართველოს გადაწყვეტილება, რომ არ იყოს შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან, იქნება საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი განაცხადის უარყოფა, რაც ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს.

ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ სხვადასხვა გამოკითხვებით თუ ოპოზიციის წევრების, საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციებს წევრების და ქართული ოცნების განცხადებების თანახმადაც, ეს გზაა ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს. ჩვენ მზად ვართ ამ სურვილს მხარი დავუჭიროთ.

დღევანდელი საუბრების შედეგად თუ კანონის ისე შეიცვლება, რომ დააკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს, ეს გააძლიერებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“.

  • გლობალური ომის პარტია და ბიძინა ივანიშვილის ინტერესები

ჯეიმს ო’ბრაიენმა საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარესთან შეხვედრის სურვილსა და ამ მიმართვაზე უარის მიღების შესახებ გაამახვილა ყურადღება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესები ქვეყნის კონსტიტუციაში გაწერილ ევროატლანტიკურ კურსს ეწინააღმდეგება.

ჯეიმს ო'ბრაიენი: „კანონთან დაკავშირებით რაც ვახსენე, ერთი მიმართულება იყო. არსებობს უფრო ფართო საუბრები, რაც შეეხება გლობალური ომის პარტიას, კონსპირაციის თეორიებს და იმას თითქოს
„გლობალურ ომის პარტიას“ არ სურს 12-წლიანი მმართველობაში შემდეგ „ქართული ოცნება“ იყოს ხელისუფლებაში. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან არარეალისტური, არასწორი გაგება.

გაგიზიარებთ ერთ ამბავს კანონის განხილვებთან დაკავშირებით: გვქონდა პრემიერთან წინასწარი განხილვები, მივიწვიეთ აშშ-ში, კანონთან დაკავშირებით შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან იყო. ჩამოსვლამდე ბატონ ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი გამოვთქვით, რაზეც პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ პასუხად, რომ ივანიშვილი დე ფაქტო სანქციებზე იმყოფება.

ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არ არის. ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე ცუდად არის ინფორმირებული, ნამდვილად შოკის მომგვრელია.

გასაოცარია და სამწუხაროა, რომ ქვეყნის არტნიორთან შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზი გარკვეულწილად ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი წინ დააყენო იმ სახელმწიფოებრივ ვალდებულებაზე, რომელიც კონსტიტუციაშია გაწერილი.

ამიტომ ვამბობ, რომ კანონზე მსჯელობა მხოლოდ ერთი მიმართულებაა. თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან საგულისხმოა და ამან არ უნდა შეცვალოს ის კონსტრუქციული და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც ჩვენს შორის არსებობს“.

  • სანქციები აშშ-სგან და პარტნიორობის პერსპექტივა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მთავარი სათქმელი საუბრის ბოლოს გააჟღერა. ფინანსური და აშშ-ში მოგზაურობასთან დაკავშირებული სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზეა პასუხისმგებელი. ო’ბრაიენმა ისიც თქვა, რომ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოსთვის აღმოჩენილი ფინანსური მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. დასკვნის სახით ამერიკელი მაღალჩინოსანი იმედოვნებს, რომ საქართველო ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზას გააგრძელებს.

ჯეიმს ო'ბრაიენი: „თუკი გაგრძელდება გამოსვლები და დემონსტრაციები, მნიშვნელოვანია რომ იყოს მშვიდობიანი, პოლიცია იყოს მშვიდობიანი, არ იყოს არანაირი დაშინება და თავდასხმები ადამიანებზე და ის ინფორმაცია, რაც ვრცელდებოდა... ვინც დამნაშავე და თავდამსხმელია, აუცილებელია სამართლის წინაშე უნდა წარდგეს.

თუკი კანონი არ შეიცვლება ისე, რომ მან EU-ის სტანდარტები და ნორმები დააკმაყოფილოს, და დასავლეთის და აშშ-ს წინააღმდეგ ამგვარი რიტორიკა გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის ძალიან სახიფათო და სარისკო იქნება.

მარტივი მაგალითისთვის, აშშ ამ ეტაპზე საქართველოსთან თანამშრომლობისა და დახმარებისთვის 390 მლნ დოლარი გამოყო. აქედან ნაწილი მიიმართა სამხედრო თავდაცვის საკითხებზე, ნაწილი ეკონომიკის განვითარებას ინსტიტუტების განვითარებაზე, სამოქალაქო საზოგადოების დახმარებისკენ... ეს მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეიცვლება და აშშ მოაზრებული იქნება მოწინააღმდეგედ და არა პარტნიორად.

თუკი ეს კანონი დარჩება ისე როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან, თუ დავინახავთ, რომ დემოკრატიის შესუსტდება და ძირის გამოთხრა მოხდება და ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, აშშ-ის მხრიდან იქნება გარკვეული შეზღუდვები პირველ რიგში ეს შეეხება ფინანსურ მხარეს და მეორე რიგში მგზავრობაზე, იმ ადამიანებზე ვინც პასუხისმგებლები არიან ამ გადაწყვეტილებებზე.

ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე ეს მინდა მოხდეს, პირიქით მე მინდა, რომ საქართველომ მშვიდობიანი გზა გააგრძელოს ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

იმედი გვაქვს, რომ ეს გზა დაიწყება და გაგრძელდება დღეს თუ არადა დავუბრუნდებით ამ საკითხებს“.

  • „კანონი არ არის ყოვლისმომცველი“

ჯეიმს ო’ბრაიენმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა, რომელიც ძირითადად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს შეეხებოდა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კანონი არ არის ყოვლისმომცველი და მისი ეფექტი სტიგმაა. მეორე მხარე კი ის პროტესტია, რომელიც ამ კანონის ინიციირებამ გამოიწვია.

ჯეიმს ო'ბრაიენი: „პირველ რიგში ეს შეეხება ფორმას თუ როგორ ხდება კანონის მიღება. ყველას სურვილია, რომ ეს ხდებოდეს კონსენსუსის თანხმობის პირობებში, როგორც ეს ევროკავშირში ხდება და არა იმ წინააღმდეგობით, რასაც დღეს ვხედავთ. დღეს გვქონდა შესაძლებლობა, რომ გარკვეული საკითხები პრობლემატური მხარეები ამ კანონის განგვეხილა. ეს კანონი არ არის სრულად ინკლუზიური და ყოვლის მომცველი. ამ კანონის ეფექტი არის სტიგმა.

ასევე არის სტიგმატიზაციის საფრთხე იმ ორგანიზაციებისთვის, რომელიც მრავალი წელია მუშაობენ და გამჭვირვალობის პრობლემა არ აქვთ, მაშინ როდესაც არიან ორგანიზაციები, რომელთა დაფინანსება გაურკვეველია, შეიძლება არ მოხვდნენ ამ კანონის ფარგლებში.

ასეთი სტიგმატიზაცია იწვევს ძალადობას, რის მაგალითებს და ფაქტებს ჩვენ ვხედავთ.

ასევე როგორც წესი, მსგავს კანონებში, როცა საქმე გამჭვირვალობას შეეხება და გამჭვირვალობის დამალვას, კონკრეტული ორგანიზაციის ქცევის შემდეგ ხდება ხოლმე რეაგირება და სასამართლოთი მისი გარკვევა, მაშინ როცა ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს აქვს შესაძლებლობა შეამოწმოს არამხოლოდ ფინანსური მხარე, არამედ ნებისმიერი ჩანაწერი და დარღვევის შემთხვევაში გამოუწეროს ჯარიმა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს გასაჩივრება, რაც უკუღმართობაა. სანამ ამ კანონს მიიღებდნენ ჩვენი შეთავაზება ეს კანონპროექტი დეტალურად განხილულიყო, პასუხად კი მივიღეთ, რომ კანონი მიიღებოდა სწრაფად სამი მოსმენით.

თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზება, რომ დეტალურად განხილულიყო კანონმდებლობა, რაზეც თანხმობა არ იყო“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები