მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონპროექტი საქართველოს EU-ისგან აშორებს... ის უკუსვლაა, რომელზეც EU-ს პასუხი ექნება - მარგუს ცაჰკნა

ესტონეთი

["უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"]კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის გზიდან აშორებს და ის უკუსვლაა, რომელზედაც ევროკავშირს პასუხი ექნება, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ, თბილისში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ესტონელმა დიპლომატმა ისიც განაცხადა, რომ ევროკავშირის სავალ გზაზე საქართველოს უკუსვლის შემთხვევაში სანქციები იქნება. მარგუს ცაჰკნამ ქართველ ხალხს მოუწოდა, რომ მათი გადასაწყვეტია, როგორ მომავალს აირჩევენ, ეს გადაწყვეტილება კი არჩევნების გზით უნდა მიიღონ.

ჩვენ აქ რა ჩამოვსულვართ იმისთვის, რომ ლექცია ჩაგიტაროთ, თუ რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, რადგან დემოკრატიულ სახელმწიფოებში, სადაც არჩევნები ტარდება, სწორედ ამისთვის ხდება ეს. მე მჯერა, რომ ქართველმა ხალხმა იცის, რა არის მათი მომავალი და როგორი მომავალი უნდა ჰქონდეთ მათ, ჩვენ აქ, როგორც თქვენი მეგობრები ისე ჩამოვედით, რეალური მეგობრები... არა ადვოკატირების მიზნით, არამედ ფაქტების გაჟღერებისთვის. ვიცით, რომ რუსეთის მეზობლად ცხოვრება ძალიან საშიშია. რუსეთმა ყველა მეზობელი ქვეყანა საფრთხის წინაშე დააყენა - ვიყოთ თავისუფლებისკენ, თუ ავირჩიოთ რუსეთის მხარე. რეალურად ესტონეთს ისტორიულად და დღესაც ადარდებს საქართველო, ჩვენ გვადარდებს ქართველი ხალხის ბედი", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ესტონეთი და საქართველო ისტორიულად საუკეთესო მეგობრები არიან. "საქართველოს რეფორმებს მხარს ვუჭერდით და ვიზიარებთ იმ შეხედულებას, რომ ქვეყნისთვის საუკეთესო განვითარება ევროკავშირში გაწევრიანებაა. ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და სამოქალაქო თავისუფლებას, ყველაფერს იმას, რაზეც ევროკავშირის ღირებულებები დგას. ეს კანონი არის რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლო. კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის გზიდან აშორებს და ის უკუსვლაა, რომელზეც ევროკავშირს ექნება პასუხი.

ევროინტეგრაცია პროცესია, რომელიც დაფუძნებულია კეთილდღეობაზე, რომელსაც მიიღებთ თუ გაატარებთ რეფორმებს, რომელიც ევროპულ ღირებულებებთან თანხვედრაშია. თუ უკუსვლით წახვალთ თქვენ დაკარგავთ ამ ბენეფიტებს. ადამიანის უფლებების დარღვევის და ზეწოლის შემთხვევები სანქციებს გამოიწვევს. ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხის ჭეშმარიტი ადგილი ევროკავშირშია. ეს პრინციპული არჩევანი და ქართველ ხალხზეა დამოკიდებული გადაწყვიტონ - რა სახის მომავალი უნდათ საკუთარი თავებისთვის, ამ გზაზე ჩვენ თქვენთან ვართ", - მიმართა ესტონეთის პირველმა დიპლომატმა ქართველ ხალხს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები