მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება MVNO რეგულაციაზე უარის თქმით? - "ინექსფოუნის" შეფასება

6319d4a511168
შოთა ტყეშელაშვილი
08.09.22 15:55
908
საქართველოს კომუნიკაციების კომისია 2022 წლის ბოლოს ქვეყანაში ვირტუალური მობილური ოპერატორების სავალდებულო წესით დაშვების პრინციპების შემოღებას გეგმავდა. ამ წესის მიღების შემთხვევაში, მობილური ოპერატორები ვალდებულები იქნებოდნენ, კომპანიებისთვის მიეცათ სრული დაშვება მათ ქსელებზე იმ წესების მიხედვით, რაც კომისიის მიერ იქნებოდა განსაზღვრული. თუმცა, გუშინ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა განაცხადა, რომ ეს რეგულაცია აღარ იქნება მიღებული და საკითხი კონკურენციის შესახებ განახლებული კანონით დარეგულირდება.

თუმცა, ვირტუალური ოპერატორობის მსურველი კომპანიები აცხადებენ, რომ მათსა და "მაგთის", "სილქნეტს" და "ბილაინს" შორის მოლაპარაკებებში პროგრესი არ შეიმჩნევა. "ინექსფოუნის" დირექტორმა, რატი ახვლედიანმა გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მოლაპარაკებები შედეგს ვერ მიაღწევს, მაშინ კომუნიკაციების კომისიას მიმართავენ.

რატი ახვლედიანმა ასევე ისაუბრა პირველ MVNO ოპერატორ ეკლექტიკზე, რომელსაც “სილქნეტთან” აქვს შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმებული. ახვლედიანის თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ ეს კომპანია სინამდვილეში თავად “სილქნეტთან” არის აფილირებული.

“მსურველი MVNO ოპერატორები, ვინც ორგანიზაციაში ვართ გაწევრიანებული, ჩვენ სამივე ოპერატორთან გვაქვს მოლაპარაკება და წინ არ მიდის, არცერთი ოპერატორი ამ მხრივ პოზიტიურ სიგნალებს არ იძლევა. ზოგიერთი საერთოდ გვაიგნორებს და არც კი გველაპარაკება, შესაბამისად ნეგატიური განცდა გვაქვს. თუმცა მე მგონია, რომ ეკლექტიკის გამოჩენა, იმის მიუხედავად, რომ ის შეიძლება იყოს აფილირებული, ქმნის პრეცედენტს ბაზარზე იმის, რომ ბაზარზე არსებობს ვირტუალური მობილური ოპერატორი. არსებული პრეცედენტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბაზარზე შესაძლებელია სხვა ახალი მობილური ოპერატორიც გამოჩნდეს, ეს იქნება ჩვენი სახით თუ სხვა სახით.

ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას, ანუ მოლაპარაკებათა გაგრძელებას. თუ კიდევ არაადეკვატურად გაგრძელდა ეს პროცესი ოპერატორთა მხრიდან, ჩვენ მოგვიწევს კომისიას მივმართოთ და კონკურენციის კანონით წავიდეთ, რომ ჩვენ გვზღუდავენ. ეკლექტიკი თუ არსებობს, ჩვენც შეიძლება ვიარსებოთ და სავარაუდოდ, აქამდე მივა ეს ყველაფერი. ამის ყველა ნიშანია. აუცილებლად იარსებებს საქართველოში ვირტუალური ოპერატორი, თანაც არაერთი. ამაში დარწმუნებული ვართ,” - განაცხადა რატი ახვლედიანმა.

MVNO ანუ ვირტუალური მობილური ოპერატორი არის კომპანია, რომელიც ჩვეულებრივი მობილური კომპანიის მსგავს მომსახურებას სთავაზობს ბაზარს, თუმცა საკუთარი ინფრასტრუქტურა და ქსელი არ გააჩნია. იმისთვის, რომ MVNO ბაზარზე გამოჩნდეს, მსხვილმა მობილურმა ქსელებმა - “მაგთიკომმა”, “სილქნეტმა” და “ბილაინმა” საკუთარ ქსელზე უნდა დაუშვან და ინფრასტრუქტურა მიაქირაონ. მობილური კომპანიები ამბობენ, რომ ქსელზე დაშვება ნებაყოფლობითი უნდა იყოს, ამოდიოდეს კომერციული ინტერესებიდან და არ იყოს სავალდებულო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები