შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსი, ლევან დგებუაძე განმარტავს, რა ინფორმაცია აქვს სამსახურს არასამთავრობო სექტორის გრანტებთან დაკავშირებით.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. რუსულ კანონს განიხილავენ, ლევან დგებუაძემ განაცხადა, რომ სამსახურს არ აქვს სრული მონაცემები გრანტების ხარჯებთან დაკავშირებით და უწყებისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის თუ წარდგენილი ანგარიშფაქტურების ნაწილში.
„საშემოსავლო გადასახადი, რაზეც საუბარი იყო არის ხარჯის ერთი ნაწილი, რასაც ძირითადში ხელფასებს ვუწოდებთ. რა თქმა უნდა, ეს არაა სრული ხარჯი და აქედან გამომდინარე, შემოსვლების სამსახურს ვერ ექნება სრული ინფორმაცია, სრულ თანხაზე, რაზეც არის გრანტი დამტკიცებული. მეორე, რაც თქვენ ახსენეთ, ელექტრონული დოკუმენტები, ეს არის ელექტრონული ზედნადები და საგადასახადო ანგარიშფაქტურა. ამ ანგარიშფაქტურების წარდგენა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გრანტის მიმღებს უნდა, რომ ისარგებლოს შეღავათით, 3 თვის ვადაში უნდა წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს ხარჯვის დამადასტურებელი ანგარიშფაქტურები, ხელშეკრულებასთან ერთად და მხოლოდ ამ ნაწილში ხდება ჩვენთვის ცნობილი ინფორმაცია. ბუნებრივია, არც ერთი და არც მეორე არაა სრული ინფორმაცია და შესაბამისად, ინფორმაცია სრულ ხარჯვაზე, შემოსავლების სამსახურს არ გააჩნია“,- განაცხადა დგებუაძემ.
დღეს, საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონის განხილვა დაიწყო.