პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, აშშ-სა და ევროკავშირს შორის საქართველოსთვის სანქციების დაწესების თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ამის შესახებ მან „მთავარ არხთან“ ინტერვიუში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც შესაძლო სანქციებს და მათ ეფექტიანობას შეეხებოდა.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირისგან პერსონალურ სანქციებს ნაკლებად ელის, განსხვავებით - აშშ-ისგან.
„ჯერ არ ყოფილა სანქციები ამ ხელისუფლების ახლო ბიზნესწრეებზე და არ ყოფილა სანქციები იმ ადამიანებზე, ვინც გააყალბა არჩევნები. ეს არის ის ეფექტური სანქციები, რაც შეიძლება იქნეს მიღებული.
მე ნაკლებად მჯერა ევროკავშირის სანქციების. შეიძლება იყოს შეზღუდვები სხვა ფორმით ყველა იმ დახმარებებზე, რაზედაც ჩვენი ბიუჯეტი ძალიან არის დამოკიდებული და ესეც გააძლიერებს ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისს, მაგრამ ევროკავშირისთვის პერსონალური სანქციების დაწესება ბევრად რთულია, რადგან კონსენსუსის წესზეა დამოკიდებული.
აშშ ამ ინსტრუმენტს უფრო კარგად მართავს და მე რამდენადაც ვიცი, მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სა და ევროკავშირს შორის იმის შესახებ, რა შეიძლება გაკეთდეს. ამაზე მეტი არ ვიცი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.