თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა "tv პირველთან" ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირზე ისაუბრა.
კითხვას - "არასდროს გიკითხავთ, რისთვის სჭირდებოდა ივანიშვილს რუსეთში ქონება, თუ ის რუსეთიდან წამოვიდა და უკან დაბრუნებას აღარ აპირებდა?" - ბაჩიაშვილმა უპასუხა, რომ არ უკითხავს, რადგან ეს მისის საქმე არ იყო.
„მე მის რუსულ ქონებასა და აქტივებში ჩართული არანაირად არ ვიყავი. მე რამდენადაც ვიცი, მიწის ნაკვეთი და სახლი აქვს რუსეთში“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, ასევე არ გამორიცხავს, რომ ალბათ მაშინაც და ახლაც არსებობენ რუსეთში ადამიანები, რომლებთანაც ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის შეუძლია კონტაქტი.
„როდესაც ამხელა ბიზნესიმპერია გაქვს რუსეთში და ამხელა თანხა იქიდან გამოგაქვს, გამორიცხულია იქ ან კავშირები ან მცირე აქტივები ან ხალხი არ დაგრჩეს, რომელიც გარკვეულ დავალებებს შეასრულებს“, - განაცხადა მან.