იაპონიას კულტურის, ისტორიისა და ტექნოლოგიების გარდა, ეკონომიკაც გამოარჩევს. ამ ქვეყანაში ყველაფერი უცნაურადაა, მათ შორის მონეტარული პოლიტიკაც, რომელიც უკვე წლებია, რაც 0%-ის ფარგლებშია. ბოლო პერიოდის განმავლობაში იაპონიის საფონდო ბირჟა მკვეთრად იზრდება, მაგალითად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში Nikkei-ს ფლაგმანური ინდექსის ღირებულება თითქმის 10%-ით გაიზარდა, რაც განვითარებული სახელმწიფოსათვის შესანიშნავი შედეგია.
ბოლო პერიოდის განმავლობაში იაპონური საფონდო ბირჟის აღმასვლა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, ეკონომიკური ზრდის წახალისების მიზნით, პეკინმა მონეტარული და ფისკალური დახმარების კოლოსალური პაკეტი წარადგინა, რამაც ჩინური ბაზრის მიმართ ინვესტორების დაინტერესება გამოიწვია. ამ შემთხვევაში, იაპონიასთან მიმართებით სინერგიულ ეფექტთან გვაქვს საქმე, რადგან ჩინური კომპანიების უმეტესობა იაპონიასთან მჭიდრო კავშირშია, ხოლო ერთი ქვეყნის წინსვლა მეორეზეც დადებითად აისახება. ამასთან, აზიის რეგიონი საზოგადოების ყურადღების ცენტრს უბრუნდება, ეს კი ტოკიოს ინდექსზე პოზიტიურად აისახება.
აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იაპონიაში დიდი ცვლილებებია, კერძოდ, ქვეყანას ხალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს - ბატონი შიგერუ იშიბა, რომელიც დიდ ცვლილებებს აანონსებს. მისი გუნდის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაა, თუმცა არა ელიტის გაძლიერების, არამედ დაბალშემოსავლიანი ოჯახების მხარდაჭერის გზით. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მთავარი მექანიზმი დაბალშემოსავლიანი ოჯახების მხარდაჭერა და სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრაა, რაც განსაკუთრებით მწვავე იაპონურ მეგაპოლისებშია, სადაც პლანეტის უმდიდრესი მოქალაქეები და უსახლკაროები ერთმანეთისგან რამდენიმე ქუჩის მოშორებით ცხოვრობენ.
მონეტარულ პოლიტიკასთან მიმართებით იშიბა მხარს უჭერს ზომიერი ინფლაციის შენარჩუნების სტრატეგიას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას. როგორც ის ამბობს, ცენტრალური ბანკი დაბალ საპროცენტო განაკვეთებს მომავალშიც შეინარჩუნებს, თუმცა მონეტარული პოლიტიკის დამატებით შემსუბუქების მიმართულებით ინვესტორებს მოლოდინები არ უნდა ჰქონდეთ.
რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იშიბა აქტიურად უჭერს მხარს აზიური NATO-ს ანალოგის შექმნის იდეას, რაც რეგიონში სამხედრო ალიანსის შექმნას მოიაზრებს. ის საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში იაპონიის გააქტიურებას და ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაფართოებას ისახავს მიზნად. იშიბას სურს, რომ იაპონია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურადაც უფრო მეტად იყოს ჩართული უსაფრთხოების საკითხებში. ის ასევე მხარს უჭერს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო ურთიერთობების გაძლიერებას და ამერიკა-იაპონიის უსაფრთხოების ხელშეკრულების გადახედვას, რათა იაპონიის თავდაცვითი პოტენციალი და არსენალი უფრო მეტად გაიზარდოს.
საპირწონედ ამისა, ჩინეთთან მიმართებით, იშიბას დამოკიდებულება საკმაოდ ცივი და პრაგმატულია. ის მხარს უჭერს ჩინეთთან ძლიერი ეკონომიკური და დიპლომატიური კავშირების არსებობას, მაგრამ ამავდროულად, ის აცნობიერებს პეკინის მხრიდან მომავალ გეოპოლიტიკურ საფრთხეს. მისი აზრით, იაპონიამ უნდა უზრუნველყოს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერება, რათა ჩინეთის სამხედრო ზეწოლა დააბალანსოს და საჭიროების შემთხვევაში, თავის დაცვა შეძლოს. ამავდროულად, იშიბა აქტიურად უჭერს მხარს ტაივანის დემოკრატიას და მიიჩნევს, რომ იაპონია უნდა იყოს მზად, შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში, ტაივანი დაიცვას.
ინვესტორები და ბიზნესლიდერები იშიბას გეგმებს, უმეტესწილად, დადებითად აფასებენ. რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება, რომელიც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ სტაბილურობასთან, მნიშვნელოვანი საკითხია ინვესტორებისთვის. მათი აზრით, იაპონიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას.
მოკლევადიან ფაქტორებთან ერთად, იაპონიას გრძელვადიანი, ფუნდამენტური პარამეტრებიც გამოარჩევს. დავიწყოთ იმით, რომ იაპონია მსოფლიოს რიგით მეოთხე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დაახლოებით 4 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ქვეყანას გამოარჩევს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაღალი მაჩვენებელიც, რომელიც თითქმის 35,000 დოლარს შეადგენს.
მსოფლიოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების რეკორდულად ზრდის მიუხედავად, იაპონიაში წლიური ინფლაციის დონე 2%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ნამდვილად დაბალი მაჩვენებელია. რაც ყველაზე მთავარია, იაპონიას უნიკალური მონეტარული პოლიტიკაც გამოარჩევს, უფრო კონკრეტულად, ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი 0%-ის ფარგლებშია. თავად ეს მოცემულობა ძალზედ უცნაურია, რადგან ამერიკაში რეფინანსირების განაკვეთი 5%-ს შეადგენს, ევროკავშირში 4 პროცენტს, საქართველოში კი - საერთოდაც 8 პროცენტს.
იაპონიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის განცხადებით, უახლოეს განჭვრეტად მომავალში მონეტარული პოლიტიკის გადახედვა არ არის დაგეგმილი და მაღალი შანსია იმისა, რომ განაკვეთი კომიტეტის მომდევნო შეხვედრაზეც უცვლელად დარჩება. მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ნაცვლად, ცენტრალური ბანკი სავალუტო ინტერვენციების და ობლიგაციების შესყიდვების სტრატეგიას გამოიყენებს, რათა ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი შენელდეს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე იაპონური იენი ამერიკულ დოლართან მიმართებით 10%-ით გაუფასურდა, რაც სწორედ ცენტრალური ბანკის უმოქმედობითაა განპირობებული, განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რომ მსოფლიოს წამყვანი ბანკები განაკვეთებს ისტორიულად მაღალ ნიშნულზე ინარჩუნებენ.
იაპონიის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან თავის შეკავების ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი ქვეყანაში რეცესიის განვითარების რისკების ზრდაა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რომელიც ინფლაციის მაკონტროლებელი მთავარი მექანიზმია, თავის მხრივ, ეკონომიკის შენელებას იწვევს. გლობალური ეკონომიკური რისკების გათვალისწინებით კი, იაპონია რეცესიის სერიოზული რისკის წინაშე დგას.
ახლა კი ისევ იაპონურ სასწაულს რომ დავუბრუნდეთ, ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებელია, კანონმდებლობა მკაფიოა, საფინანსო სისტემა განვითარებულია, ქვეყანა კი პოლიტიკურად, სოციალურად და ეკონომიკურად სტაბილურია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, გასული 20 წელი იაპონური საფონდო ბირჟებისთვის სახარბიელო ნამდვილად არ ყოფილა. იაპონიის პრობლემა ისაა, რომ ის უკვე ზედმეტად განვითარებულია, მისმა კომპანიებმა კი ქვეყნის მასშტაბით ფაქტობრივად უკვე მიაღწიეს მაქსიმუმს, ამიტომაც სამომავლო ზრდის პროგნოზებიც კონსერვატიულია. იაპონიის საფონდო ბირჟამ მაქსიმუმს 1989 წელს მიაღწია, მას შემდეგ კი ბირჟაზე ფაქტობრივი სტაგნაცია იყო. შედარებისთვის, ამ პერიოდში ამერიკული და ჩინური ინდექსები ფაქტობრივად გაათმაგდა.
ამჟამად ვითარება განსხვავებულია, იაპონური საფონდო ბირჟა აღმასვლას იწყებს, თანაც საკმაოდ მკვეთრს. ძირითადმა საფონდო ინდექსმა უკვე მიაღწია 33-წლიან მაქსიმუმს და ანალიტიკოსების პროგნოზით, წლის ბოლომდე ის 1989 წლის რეკორდსაც მოხსნის. 2020 წლის პანდემიურ მინიმუმთან შედარებით, იაპონური ბირჟა თითქმის 65%-ითაა გაზრდილი, რაც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.
იაპონიის მიმართ ინვესტორების მხრიდან ინტერესის ზრდას კიდევ ერთ უცნაური გარემოება განაპირობებს, რაც ჩინეთიდან კაპიტალის გადინებას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ჩინეთში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, ინვესტორებს ქვეყნიდან თანხის გატანა და სხვა აზიურ სახელმწიფოში დაბანდება სურთ, ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი კი იაპონიაა, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ საერთაშორისო ინვესტორები მიიზიდოს.