1 აპრილიდან საირიგაციო წყალზე წვდომა გაძვირდა. სარწყავი წყლით მოსარგებლე გაუმრიცხველიანებელი წყალმომხმარებლებისთვის პირველი მორწყვის ოპერაციის ღირებულება 1 ჰექტარზე ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში 75 ლარიდან 116.50 ლარამდე გაიზარდა, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში საფასური 102 ლარი გახდა.
მეორე, მესამე და მეოთხე მორწყვის ღირებულებას სახელმწიფო ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში 349.50 ლარით, მრავალწლოვანის შემთხვევაში კი 306 ლარით დაასუბსიდირებს. შემდგომი მორწყვის მოთხოვნის შემთხვევაში, კი მომსახურების საფასურს მომხმარებელი გადაიხდის.
კანონი ორ განსხვავებულ ტარიფის ადგენს წყალმომხმარებელი ორგანიზაციებისთვის ანუ ინდივიდუალური ფერმერების გაერთიანებისთვის და სხვა წყალმომხმარებლებისთვის. სემეკში განმარტავენ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ წყალმომხმარებელი ორგანიზაციები გამანაწილებელ ქსელზე ხდებიან პასუხისმგებლები, მათთვის ტარიფი შედარებით დაბალია.
კერძოდ, თუ გამრიცხველიანებული პროფილური მომხმარებლებისთვის, ერთი მ3 წყლის საცალო მიწოდების საფასური შეადგენს 8 თეთრს, საბითუმო ფასი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის 3,5 თეთრია; აღსანიშნავია, რომ წყალმომხმარებელი ორგანიზაციებზე არც სახელმწიფო სუბსიდია გავრცელდება.
“ტარიფების გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა მხოლოდ საოპერაციო დანახარჯები, რაც აუცილებელია საწარმოს ყოველდღიური ფუნქციონირებისათვის. ხოლო, რაც შეეხება კაპიტალურ დანახარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვასთან, მათ რეაბილიტაციასთან, გაუმჯობესებასთან, მათ კვლავ სახელმწიფო აიღებს თავის თავზე.
კანონი ითვალისწინებს ორი განსხვავებული ტიპის ტარიფის დადგენას. ეს გახლავთ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის და სხვა წყალმომხმარებლებისთვის. განმასხვავებელი ფაქტორი გახლავთ ის, რომ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის შექმნის შემდეგ, თუ აქამდე მელიორაციის კომპანია უვლიდა გამანაწილებელ ქსელს, ის გადავა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სფეროში, ის აიღებს ვალდებულებას და მოემსახურება ამ ინფრასტრუქტურას. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ეს პირველადი წყალმოსარგებლისთვის ანუ მელიორაციის კომპანიისთვის ამცირებს დანახარჯებს, ამიტომ სამართლიანია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას ჰქონდეს შედარებით დაბალი ტარიფი.
რაც შეეხება სხვა საცალო მომხმარებლებს, მათთან სამელიორაციო ინფრასტრუქტურას უვლის მელიორაციის კომპანია. შესაბამისად, ხარჯების დაზოგვა არ ხდება, მას უწევს ბოლომდე მოემსახუროს მომხმარებელს, შესაბამისად, მათთვის მომსახურების საფასური გახლავთ უფრო მაღალი. ეს არის მთავარი განმასხვავებელი ამ ორი ტიპის მომხმარებელს შორის და ამიტომაც გახლავთ ტარიფები განსხვავებული”, - აცხადებს სემეკის ტარიფების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა ჩიტიძე.
აღსანიშნავია, რომ თუ გამრიცხველიანებულ პროფილურ მომხმარებელს ერთწლოვან კულტურაზე მრიცხველის ჩვენების საფუძველზე დაერიცხება 116,5 ლარზე მეტი, აღნიშნული თანხის ზემოთ, სახელმწიფო მომხმარებელს 350 ლარამდე თანხას დაუსუბსიდირებს, ხოლო სუბსიდიის თანხის ზედა ზღვრის გადაჭარბების შემთხვევაში, სხვაობას გამრიცხველიანებული პროფილური მომხმარებელი გადაიხდის;
თუ გამრიცხველიანებულ პროფილურ მომხმარებელს მრავალწლოვან კულტურაზე მრიცხველის ჩვენების საფუძველზე დაერიცხება 102 ლარზე მეტი, აღნიშნული თანხის ზემოთ, სახელმწიფო მომხმარებელს 306 ლარამდე ოდენობის თანხას დაუსუბსიდირებს, ხოლო გამოყოფილი სუბსიდიის თანხის ზედა ზღვრის გადაჭარბების შემთხვევაში, სხვაობას გამრიცხველიანებული პროფილური მომხმარებელი გადაიხდის.
სემეკის მიერ მელიორაციის სექტორისთვის დადგენილი ტარიფები შემდეგი 3 წლის განმავლობაში იმოქმედებს.




























