პარლამენტმა მესამე მოსმენით, 80 ხმით ერთხმად დაამტკიცა ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“. ახალი კანონმდებლობით არსებითად იცვლება მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული სანქციები, მნიშვნელოვნად მცირდება ჯარიმები საგზაო შემთხვევისას ნარგავების დაზიანებაზე, ხოლო სადისტრიბუციო მანქანებს ღამის საათებში ავტობუსის ზოლებით სარგებლობის უფლება ეძლევათ.
აქამდე მოქმედი წესით, სიჩქარის გადაჭარბება 15-დან 40 კმ/სთ-მდე 100 ლარით ჯარიმდებოდა, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება 300 ლარით. ახალი სისტემა უფრო დიფერენცირებული ხდება და ჯარიმები შემდეგნაირად განაწილდა:
| სიჩქარის გადაჭარბება | ახალი ჯარიმა | ძველი ჯარიმა |
| 15-დან 30 კმ/სთ-მდე | 50 ლარი | 100 ლარი |
| 30-დან 50 კმ/სთ-მდე | 100 ლარი | 100 ლარი (40 კმ/სთ-მდე) / 300 ლარი (40-ზე მეტი) |
| 50 კმ/სთ-ზე მეტი | 300 ლარი | 300 ლარი |
აღსანიშნავია, რომ ჯარიმების დიდი ნაწილი, რომელიც ახლა მცირდება, მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან გაიზარდა.
საკანონმდებლო ცვლილების კიდევ ერთი ნაწილი ეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მუნიციპალიტეტის საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანებას ან თვითნებურ განადგურებას. ამ მიმართულებით სანქციები რამდენჯერმე შემსუბუქდა, განსაკუთრებით კი დედაქალაქში:
- თბილისის საზღვრებში: ნარგავების დაზიანება პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება (5 000 ლარის ნაცვლად), ხოლო განმეორებით ჩადენა - 1 000 ლარით (10 000 ლარის ნაცვლად).
- სხვა მუნიციპალიტეტებში: ჯარიმა პირველ ჯერზე განისაზღვრა 500 ლარით (2 000 ლარის ნაცვლად), ხოლო განმეორებით - 1 000 ლარით (5 000 ლარის ნაცვლად).
ცვლილებების თანახმად, სადისტრიბუციო მანქანებს ღამის საათებში 01:00 საათიდან 06:00 საათამდე ოფიციალურად ეძლევათ უფლება, იმოძრაონ ან გაჩერდნენ ავტობუსის ზოლში (Bus Lane) ტვირთის გადმოზიდვის მიზნით.
კონკრეტულ წესებსა და კრიტერიუმებს, თუ რომელ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სადისტრიბუციო ტრანსპორტი ამ უფლებით სარგებლობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრი სპეციალური ბრძანებით დაადგენს.
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარის, ლაშა რიჟამაძის შეფასებით, საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ღამის საათებში სადისტრიბუციო ტრანსპორტისთვის ავტობუსის ზოლების გახსნას ითვალისწინებს, ვერ უპასუხებს სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებს, რადგან ის ბიზნესის ყოველდღიურობას აცდენილია - ამის შესახებ რიჟამაძემ bm.ge-სთან ისაუბრა.




























