მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება საქართველოს სარკინიგზო კოდექსში? - კანონპროექტი სრულად

რკინიგზა

საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებები შედის.

კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ არსებული საქართველოს სარკინიგზო კოდექსი ნაწილობრივ აწესრიგებს მგზავრთა გადაყვანასთან
დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებს, მათ შორის მათ უფლება-მოვალეობებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, რჩებოდა მგზავრთა უფლებებთან და მათ ეფექტურ დაცვასთან დაკავშირებული
ცალკეული მნიშვნელოვანი საკითხები.

ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირთათვის სათანადო გარანტიების შექმნა და შესაბამისი მექანიზმების დანერგვა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი, როგორც რკინიგზის მგზავრთა უფლებები, რის შედეგადაც, შესაძლებელი იქნება სარკინიგზო გადაყვანის მომსახურებით სრულფასოვანი სარგებლობა.

კანონპროექტის ძირითადი არსი:

ზუსტდება რა საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მოქმედების ფარგლები, ცვლილება შედის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილში და კონკრეტდება, რომ კოდექსის მოქმედება ვრცელდება საქართველოს რკინიგზის სისტემაზე და რკინიგზის სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

კანონპროექტით იცვლება რკინიგზის სადგურის განმარტება და ასევე, განისაზღვრება ისეთი ახალი ტერმინები, როგორიცაა ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი, ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი, ტუროპერატორი, ბილეთების გამყიდველი, დანიშნულების პუნქტი და სხვ.

კანონპროექტით განისაზღვრება სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვაზე ზედამხედველობისა და მონიტორინგის საკითხი და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დამტკიცებული სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულებაზე ზედამხედველობასა და მონიტორინგზე უფლებამოსილად განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ -სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო. აღნიშნულთან ერთად, ჩნდება სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის ყოლის ვალდებულება და წესრიგდება აღნიშნული პირის სერტიფიცირების საკითხი. ამასთან, განისაზღვრება სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის
სააგენტოს ფუნქციები სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტთან მიმართებით, რაც ასევე, დამატებით უნდა მოწესრიგდეს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

კანონპროექტი უზრუნველყოფს რკინიგზის მგზავრთა მომსახურების დონისა და სარკინიგზო საწარმოების ანგარიშვალდებულების გაზრდას და მნიშვნელოვან სიახლეებს ითვალისწინებს
რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით. კერძოდ, კანონი პირდაპირ ადგენს, რომ სარკინიგზო ტრანსპორტით სარგებლობისას, დაუშვებელია მგზავრთა დისკრიმინაცია. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, დაუშვებელია ამ კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით მგზავრებთან მიმართებით განსაზღვრული ვალდებულებების შეზღუდვა ან მათგან გათავისუფლება, კერძოდ, მგზავრის რკინიგზით გადაყვანის ხელშეკრულებაში დაშვებული გამონაკლისით ან მისი შემზღუდავი პირობით.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის კუთხით, რასაც კანონპროექტი აწესრიგებს, წარმოადგენს ერთი მხრივ, მგზავრთა ინფორმირება მგზავრობასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე და მეორე მხრივ, ინფორმაციის მიმოცვლა ინფრასტრუქტურის მენეჯერს, სარკინიგზო საწარმოს, ბილეთების გამყიდველს, ტუროპერატორსა და რკინიგზის სადგურის მენეჯერს შორის, რათა დროულად იქნას უზრუნველყოფილი არსებული ინფორმაციის განახლება და თავის მხრივ, მგზავრთათვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება.

კანონპროექტის შესაბამისად, სარკინიგზო კოდექსით განისაზღვრება მნიშვნელოვანი გარანტიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირების გადაყვანისათვის. მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს სარკინიგზო საწარმოებისა და რკინიგზის სადგურის მენეჯერის ვალდებულება, უზრუნველყონ შესაბამისი პერსონალის შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული სპეციალური სწავლება.

კანონპროექტი დეტალურად აწესრიგებს მგზავრის უფლებებსა და გარანტიებს იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დანიშნულების პუნქტში ჩასვლა დაიგვიანებს. კანონი ასევე, დეტალურად აწესრიგებს კომპენსაციის გაანგარიშების წესს დანიშნულების პუნქტში ჩასვლის დაგვიანების შემთხვევაში.

კანონპროექტით, მგზავრს წარმოეშობა უფლება, საჩივრით მიმართოს სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, რომელიც თავის მხრივ, თუ გამოავლენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, უფლებამოსილია, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და სამართალდამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მგზავრს ასევე, უფლება აქვს საჩივრით მიმართოს სარკინიგზო საწარმოს ან რკინიგზის სადგურის მენეჯერს ამ კოდექსითა და რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესით განსაზღვრულ მათ პასუხისმგებლობას დაქვემდებარებულ საკითხებთან დაკავშირებით.

კანონპროექტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი. კერძოდ, თითოეული სატრანსპორტო საშუალების სარკინიგზო ქსელში გამოყენებამდე, უნდა განისაზღვროს მის ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც უნდა ფლობდეს ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატს. ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატს გასცემს სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო სარკინიგზო უსაფრთხოების წესის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს იმ სარკინიგზო
სატრანსპორტო საშუალებების, რომელთა მოვლა-შენახვასა და ტექნიკურ მომსახურებასაც ახორციელებს, მოძრაობისთვის უსაფრთხო მდგომარეობაში ყოფნა.

კანონპროექტით გათვალისწინებული ერთ-ერთი სიახლის თანახმად, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო აღიარებს მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) გაცემაზე უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებასა და უფლებამოსილ ექიმს და განახორციელებს მათ მონიტორინგს. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირის სამართლისა და საუკეთესო პრაქტიკის თანახმად, მემანქანეთა პირველადი თუ პერიოდული სამედიცინო შემოწმება ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მემანქანეთა მართვის მოწმობისა და სერტიფიკატის გასაცემად და შემდგომ, ამ დოკუმენტების იურიდიული ძალის შესანარჩუნებლად.

პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:

კანონის მიღების მიზანია რკინიგზის მგზავრის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საკანონმდებლო დონეზე და სათანადო მექანიზმების შექმნა აღნიშნულის უზრუნველსაყოფად.

სარკინიგზო უსაფრთხოებისათვის, მნიშვნელოვანია სარკინიგზო კოდექსში შემოვიდეს ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირის ცნება, განისაზღვროს მისი პასუხისმგებლობა და დაწესდეს სავალდებულო სერტიფიცირების მექანიზმი.

მემანქანეთა სერტიფიცირებისა და მათთვის მართვის მოწმობების გაცემის სისტემის დანერგვის ფარგლებში მნიშვნელოვანია, მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის აღიარებისა და მონიტორინგის საკითხის მოწესრიგება და ამისათვის შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლების განსაზღვრა.

სარკინიგზო სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის საკითხი, რაზეც კოდექსი არ განსაზღვრავს შესაბამის საზედამხედველო ორგანოს და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის ყოლის ვალდებულებას. აღნიშნული საკითხის მოწესრიგებას ითვალისწინებს წარმოდგენილი კანონპროექტი.

კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

კანონპროექტი უზრუნველყოფს რკინიგზის მგზავრთა მომსახურების დონისა და სარკინიგზო საწარმოების ანგარიშვალდებულების გაზრდას. კანონპროექტი ხელს შეუწყობს რკინიგზის სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საზედამხედველო ფუნქციების ეფექტურ განხორციელებას.

კანონპროექტი, რომელიც ჩვეულებრივი, არადაჩქარებული წესით განიხილება, მთავრობის ინიცირებულია. ავტორი კი, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები