მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში და რა თანხის ანაზღაურება მოუწევს რკინიგზას მგზავრისთვის დაგვიანების შემთხვევაში? - კანონპროექტი

შტადლერი

ევროკავშირის ასოცირებისა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების შეთანხმების საფუძველზე საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებები შედის.

პროექტის მიხედვით, სხვა საკითხებთან ერთად, წესრიგდება მგზავრისთვის თანხის ანაზღაურების საკითხიც.

იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ადგილზე მგზავრს გადამყვანი 60 წუთზე მეტი დაგვიანებით ჩაიყვანს, ვალდებულია შესთავაზოს:

  • ბილეთის მთლიანი ღირებულების ანაზღაურება მგზავრობის იმ მონაკვეთზე ან მონაკვეთებზე, რომლებიც არ განხორციელდა და იმ მონაკვეთზე ან მონაკვეთებზე, რომლებიც უკვე განხორციელდა, თუ ისინი აღარ ემსახურება მგზავრის თავდაპირველ მგზავრობის გეგმას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მგზავრი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გამგზავრების პირველ პუნქტში დაბრუნების მომსახურებით, პირველივე შესაძლებლობისთანავე;
  • მგზავრობის გაგრძელება ან მარშრუტის შეცვლა დანიშნულების პუნქტამდე ჩასასვლელად, მსგავსი სატრანსპორტო პირობებით და პირველივე შესაძლებლობისთანავე;
  • მგზავრობის გაგრძელება ან მარშრუტის შეცვლა დანიშნულების პუნქტამდე ჩასასვლელად, მსგავსი სატრანსპორტო პირობებით და მგზავრისათვის მოსახერხებელ დროს.

მეორე მუხლის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რამ გამოიწვია მარშრუტის შეცვლა და დაგვიანება, აღნიშნულმა არ უნდა წარმოშვას დამატებითი ხარჯები მგზავრისათვის. კომპანიამ უნდა დააფინანსოს მათ შორის, უფრო მაღალი კლასის სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობა, მაგრამ მგზავრები არ უნდა განთავსდნენ უფრო დაბალი კლასის სატრანსპორტო საშუალებებში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი საშუალებები მარშრუტის შეცვლის ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივაა.

კომპენსაცია სარკინიგზო საწარმოს მიზეზით გამოწვეული დაგვიანებისათვის:

მგზავრი, მგზავრობის უფლების შენარჩუნებით, უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია.

დაგვიანებისათვის გათვალისწინებული მინიმალური კომპენსაცია შეადგენს:

  • ბილეთის ღირებულების 25 %-ს 60-დან 120 წუთამდე დაგვიანებისათვის;
  • ბილეთის ღირებულების 50 %-ს 120 წუთით ან უფრო მეტი ხნით დაგვიანებისათვის.

ნორმა, ასევე ვრცელდება სააბონემენტო ბარათის ან სეზონური ბილეთის მფლობელ მგზავრებზე.

კომპანია, ვალდებული არ არის თანხა აანაზღაუროს, თუ ბილეთის მიყიდვამდე მგზავრს შესაძლო დაგვიანების შესახებ გააფრთხილებს. ასევე, თუ დაგვიანების განმაპირობებელი ფაქტორი კომპანიაზე არ არის დამოკიდებული, მაგალითად მეტეოროლოგიური პირობები. ასევე, მაშინ, როცა დაგვიანება მგზავრის ბრალეულობაა.

მგზავრობის საფასური ასევე მთლიანად უბრუნდება ავადმყოფობის ან ბილეთში აღნიშნული ადგილით უკმაყოფილებისა და მის ნაცვლად შეთავაზებული სხვა ადგილით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში.

თანხა უნდა ანაზღაურდეს მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში. კომპენსაცია მოთხოვნილ უნდა იქნეს დაგვიანებული ან გაუქმებული რეისის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 10 დღის ვადაში. თანხა, ასევე შესაძლებელია, ანაზღაურდეს ვაუჩერის სახით ან/და სხვა სარკინიგზო გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებით.

კანონპროექტი, რომელიც ჩვეულებრივი, არადაჩქარებული წესით განიხილება, მთავრობის ინიცირებულია. ავტორი კი, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები