მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იყო საქართველოს სავალუტო რეზერვები 2024 წლის იანვარში და რამდენია ის დღეს

დოლარი ფული

2024 წლის 1 იანვარს საქართველოს ოფიციალური სავალუტო რეზერვების მოცულობა 5 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო 31 ოქტომბერს მისი მოცულობა 4.08 მილიარდი დოლარი იყო, რაც 10 თვიან პერიოდში რეზერვების 925 მილიონიან შემცირებას წარმოადგენს.

რეზერვების შემცირების ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში სავალუტო ინტერვენციებით და Bmatch პლატფორმით რეზერვების გაყიდვა იყო. რეზერვების კლების კიდევ ერთი მდგენელი ასევე იყო სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვა, რაც სავალუტო რეზერვებიდან ხორციელდება.

8 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სებ-ის მიერ რეზერვების წმინდა გაყიდვები 540 მილიონი დოლარი იყო, რაც მოიცავს სებ-ის მიერ შესყიდულ და გაყიდულ რეზერვებს შორის სხვაობას.

“წლის დასაწყისიდან ჩვენი ჯამური ინტერვენციები, წმინდა გაყიდვები შეადგენს 540 მილიონ დოლარს, რაც მოაკლდა რეზერვებს. ეს არის ის თანხა რაც მოაკლდა ბალანსს, წმინდა ინტერვენციებით და Bmatch-ით განხორციელებული ინტერვენციებით მოაკლდა რეზერვებს. აქვე შეგახსენებთ, რომ წინა წელს ჩვენი წმინდა შესყიდვები 1.3 მილიარდი დოლარი იყო, დაახლოებით სამჯერ უფრო მეტი ვიდრე წელს ჩვენ გავყიდეთ, საშუალება იყო ამისი და ამიტომ. შესაბამისად იმის თქმა, რომ დიდი ზიანი მიადგა რეზერვებს არის არასწორი,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის 9 თვეში სებ-მა ინტერვენციებით და Bmatch პლატფორმით გაყიდა 326.3 მილიონი დოლარი და იყიდა 329.5 მილიონი დოლარი. ანუ უშუალოდ 2024 წლის 9-თვიან პერიოდში სებ-ის მიერ რეზერვების ჯამური გაყიდვის ნაცვლად ჯამური ყიდვა ფიქსირდებოდა, რაც პლიუს 3.2 მილიონ დოლარს უდრიდა. ხოლო უკვე ოქტომბერში ეს პლიუსი შეიცვალა მინუს 540 მილიონი დოლარით, რაც ნიშნავს რომ ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ ოქტომბრის განმავლობაში 543.2 მილიონი დოლარის სავალუტო ინტერვენციები განახორციელა.

შესაბამისად, წელს სებ-ის მიერ დოლარის ჯამური გაყიდვები იყო 869.5 მილიონი დოლარი, ხოლო შესყიდვები კი 329.5 მილიონი დოლარი, რაც ნიშნავს რომ წმინდა გაყიდვებმა 540 მილიონი დოლარი შეადგინა.

საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2024 წლის აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ რეზერვების დონე ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა და მისი შევსება იყო საჭირო. რამდენიმე დღის წინ კი, სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა აღნიშნა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა უფრო მცირეა ვიდრე BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები