მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ჯდება რემონტი?

რა ჯდება რემონტი
თათია ჩაფიჩაძე
14.03.23 23:50
2176

რა ჯდება საქართველოში რემონტის გაკეთება და როგორია სამშენებლო-სარემონტო მასალებზე მოთხოვნა? - ამ თემაზე გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტს“ კომპანია „გორგიას,“ „ჯაოკენისა“ და „დეკოლაინის“ წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

მათი თქმით, ბოლო წლებში უძრავ ქონებაზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა გაყიდვების მაჩვენებლები როგორც სარემონტო, ისე საყოფაცხოვრებო ნივთებზე და სერვისთან დაკავშირებულ მუშახელზე.

კომპანია „გორგიაში“ აცხადებენ, რომ ფასები 2022 წელს არ გაზრდილა და ლარის გამყარებისა და ლოგისტიკური ხარჯის კლების პირობებში, 2021-თან შედარებით პროდუქციის ნაწილზე ფასები შემცირების მიმართულებითაც დაკორექტირდა.

„უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ ცხადია გაზარდა მოთხოვნა მასალებზეც. არსებობის 25 წლის განმავლობაში რეკორდული წელი გვქონდა „გორგიაშიც,“ გასულ წელს გაყიდვები 30%-ით გავზარდეთ. ტრაფიკიც დიდი გვაქვს ყველა ფილიალში ქვეყნის მასშტაბით, სადაც წარმოდგენილები ვართ. ზრდის ტენდენცია არა მარტო თბილისში, არამედ ყველგან აღინიშნება. მოთხოვნა საცალო მომხმარებელზე საკმაოდ დიდია გასულ წლებთან შედარებით და მოლოდინები 2023-შიც ასეთივე გვაქვს.

ყველა სექტორში იზრდება გაყიდვები, თუმცა შეინიშნება გარკვეული კატეგორიები, მაგალითად საყოფაცხოვრებო ნივთებზე რაც ალბათ გამოწვეულია იმით, რომ ქირაზე ფასი იზრდება და ადამიანები უფრო მეტად არიან დაინტერესებულები სახლის მოწყობაზე. ასევე იზრდება მოთხოვნა გათბობასა და ბაღის კატეგორიაზე.

2022 წელს სარემონტო-სამშენებლო მასალებზე ფასები 2021-თან შედარებით არ გაგვიზრდია, შემცირდა ლოგისტიკის ფასები, რაც კოვიდის წლებში იყო გაძვირებული, ასევე გამყარდა ვალუტის კურსი და ამის გამო რიგ პროდუქციაზე მოგვიწია შემცირებაც კი.

რა ჯდება რემონტი? - ამაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია. ეს დამოკიდებულია რა ტიპის პროდუქციას არჩევ. რემონტისთვის ჯამური ხარჯის ზრდა შეიძლება გამოწვეული იყოს იმით რომ მიგრაცია მოხდა მუშახელის და ხელოსნების საქართველოდან, მოთხოვნა გაზრდია და სერვისის ღირებულება უფრო გაძვირებულია.“ - განაცხადა „გორგიას“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა თორნიკე ტოლიაშვილმა.

2022 წელს 38%-იანი ზრდით დახურა წელი კომპანია „ჯაოკენმაც.“ როგორც კომპანიის მენეჯერი მათე შვანგირაძე განმარტავს, ყველაზე მეტად მომხმარებელი საშუალო საფასო სეგმენტში ვაჭრობს.

„ჯაოკენისთვისაც“ მზარდი იყო გასული წელი, გავხსენით ახალი შოუ რუმი და ჯამურად 5 ქალაქში ვართ წარმოდგენილები. 2022 წელს 2021-თან შედარებით გაყიდვებში ზრდა 38% იყო. ეს ეხება როგორც თბილისს და ბათუმს, ისე ქუთაისს, სენაკსა და თელავს.

უფრო მეტად საშუალო სეგმენტს ირჩევენ მომხმარებლები, თუმცა ძალიან ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის გემოვნებაზე, შესაძლებლობაზე, ბინის ფართზე და ა.შ.“ - განაცხადა შვანგირაძემ.

კომპანია „დეკოლაინის“ კომერციული დირექტორის ნათია ასპანიძის თქმით, გასულ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა ბინის სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო სერვისებსა და მომსახურებაზე, მათ შორის დიზაინერებზეც.

„რთულია პასუხი კითხვაზე რა ჯდება რემონტი, თუმცა საგრძნობია, რომ წინა წლებთან შედარებით ფასი გაზრდილია კვ.მ-ის შესაბამისად. ამას განაპირობებს როგორც მუშახელის და ხელოსნების გაძვირება, ასევე მასალების გაძვირება ქართულ ბაზარზე. 2022-ში შესაძლოა ზრდა არ იყო მნიშვნელოვანი, თუმცა ბოლო წლებში ტენდენცია მზარდი იყო.

შეიცვალა მიდგომა რემონტთან მიმართებით და დღეს მომხმარებელი უფრო მეტად ითხოვს პროცესში დიზაინერებისა და კომპეტენტური პირების ჩართვას. თუ აქამდე უფრო მეტად კერძო სახლების მშენებლობის პროცესში იყო ჩართვის მოთხოვნა, ბოლო 1 წელია ეს ასე აღარ არის, შემდგომი გაქირავების მიზნით ხშირია ბინების გარემონტება.

უფრო ძვირი ჯდება რემონტი ძველ ბინებში, მით უფრო საქართველოში ძველი ბინები უმეტესად უფრო ცუდ მდგომარეობაში არიან, ის უნდა მივიდეს ჯერ კარკასის მდგომარეობამდე და მერე ხდება სრული რემონტი, ამიტომ ფინანსურად და დროის თვალსაზრისითაც უფრო მარტივია ახალი ბინის გარემონტება. თუ ძველი რემონტი გრძელდება საშუალოდ 4 თვე, შავი კარკასის შემთხვევაში 2-3თვე საკმარისია,“ - განაცხადა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას ასპანიძემ.

თუ გაიტერესებთ რა ჯდება ერთი კვადრატულის რემონტი 2024 წელს ეწვიეთ ჩვენს ბლოგს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები