თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის პოზიტიურმა ტესტმა COVID-19-ზე ბაზრები შეარყია, თუმცა, სტიმულირების ახალი პაკეტის შესახებ იმედები აშშ-ის კაპიტალბაზრებს დაეხმარა. ამის შესახებ Galt&Taggart-ის გლობალური ბაზრების მიმოხილვაშია აღნიშნული. აშშ-ის პრეზიდენტს კორონავირუსი დაახლოებით ათი დღის წინ დაუდასტურდა.
როგორც მიმოხილვაში წერია, S&P 500 (აშშ-ს 500 უმსხვილესი კონმპანიის ინდექსი) ოქტომბრის პირველ კვირაში კვლავ გაიზარდა სექტემბრის კლების შემდეგ.
"მასზე პოზიტიური გავლენა იქონია ამერიკის პრეზიდენტის მიერ ახალი ფისკალური სტიმულირების პაკეტის განხორციელების მოლოდინმა. შესაბამისად, S&P 500 3.8%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 3 თვის საუკეთესო მაჩვენებელია. ამასთან, NASDAQ (აერთიანებს აშშ-ს ტექნო-გიგანტებს) ასევე მნიშვნელოვნად, 4.6%-ით, გაიზარდა ამავე პერიოდში", – წერია მიმოხილვაში.
გარდა ამისა, Galt&Taggart-ის გლობალური ბაზრების მიმოხილვის მიხედვით, ინვესტორები აშშ-ში დამატებით ფისკალურ სტიმულს მოელიან, რომელიც დონალდ ტრამპმა $1.8 ტრილიონამდე გაზარდა. "აღნიშნულის განხორციელებისთვის ტრამპის გამარჯვებაა საჭირო, თუმცა ბოლო გამოკითხვებით დემოკრატიული კანდიდატი, ჯო ბაიდენი ლიდერობს (59.1%). 2020 წლის ნოემბრის არჩევნებზე შესაძლებელია საპირისპირო მოხდეს, როგორც ეს 2016 წლის არჩევნების დროს იყო, როცა ტრამპი რეიტინგით კლინტონს ჩამორჩებოდა", – წერია მიმოხილვაში.
ცნობისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.