ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გახმაურებული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელშიც, მოსარჩელის მხარეს ნიუ-იორკის შტატის მთავარ პროკურორ ლეტიცია ჯეიმსს, მოპასუხის მხარეს კი - ქვეყნის 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვხვდებით. უშუალოდ დონალდ ტრამპის გარდა, ლეტიცია ჯეიმსის სარჩელი მილიარდერი ექსპრეზიდენტის კომპანიას და მის ორ სრულწლოვან შვილს, დონალდ უმცროსსა და ერიკს ეხება.
აღნიშნული საქმე, რომელიც სამოქალაქო სამართალს განეკუთვნება და მთავარი პროკურორის მიერ, მომხმარებელთა დაცვის საკანონმდებლო აქტის ფარგლებში გაფორმდა, ნაფიც მსაჯულთა მიერ არ განიხილება, პირიქით - დონალდ ტრამპისა და მისი ოჯახის მომავალთან დაკავშირებით ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მოსამართლე არტურ ენგორონი მიიღებს. უშუალოდ ამ ფაქტისა და საქმის სხვა დეტალების გამო, ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს თავად დონალდ ტრამპი, რომელიც აღნიშნავს, რომ “ცუდი არაფერი გაუკეთებია”
თავად საქმე, შინაარსობრივად, არც თუ ისე რთულია: ნიუ-იორკის შტატის მთავარ პროკურორის თქმით, ფინანსური დეტალების დამალვით და დოკუმენტების ფალსიფიკაციით, დონალდ ტრამპმა $100 მილიონზე დიდი მოცულობის ფინანსური სარგებელი მიიღო. ამისთვის, ლეტიცია ჯეიმსი აშშ-ის ყოფილ პროკურორს, სულ მცირე $250 მილიონის გადახდას სთხოვს ჯარიმების სახით. თუმცა, საქმე მხოლოდ ფულში არ არის, რადგან ნიუ-იორკის მთავარი პროკურორის მოთხოვნებში ვხედავთ მოთხოვნას, რომლითაც, თუ ის სასამართლომ დაადასტურა, დონალდ ტრამპს და მის უფროს შვილებს, ნიუ-იორკში ბიზნესის კეთება აეკრძალებათ. ამასთან, სასამართლო ყოფილი პრეზიდენტისთვის და მისი კომპანიებისთვის კომერციული უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვაზე ხუთწლიანი აკრძალვის დაწესებასაც გეგმავს.
თუკი სასამართლომ მთავარი პროკურორის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილა, ეს დონალდ ტრამპისა და მისი ბიზნესიმპერიისთვის დიდი დარტყმა იქნება. დღევანდელი მონაცემებით, ამერიკული Forbes-ი დონალდ ტრამპის ქონებას $2.6 მილიარდად აფასებს, რაც, პანდემიურ წლებს თუ არ ჩავთვლით, ტრამპისთვის ბოლო წლების ყველაზე ცუდი შედეგია. შარშანდელთან შედარებით, მაგალითად, ტრამპის ქონება $500 მილიონითაა შემცირებული, პიკურ 2016 წელთან არსებული ცვლილება კი, საერთოდ $2 მილიარდია.
დონალდ ტრამპის გაღარიბება, თუ შეგვიძლია ამ პროცესს ასე ვუწოდოთ, ის განაპირობებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ქონების ძალიან დიდი ნაწილი ნიუ-იორკულ უძრავ ქონებაზე მოდის და ეს სექტორი, ბოლო წლებში არსებული ინფლაციის და მზარდი რეფინანსირების განაკვეთების და შესაბამისად, უფრო ძვირიანი იპოთეკის ფონზე, მთლად ჯანმრთელად არაა. ამ ყველაფრის ფონზე, სასამართლოს განაჩენი დონალდ ტრამპს და მის ოჯახს დამატებით შეზღუდვებს დაუწესებს.
გამომდინარე იქიდან, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი ამ სარჩელის ფარგლებში ასზე მეტი მოწმე უნდა გამოიკითხოს, მოსალოდნელია, რომ საბოლოო განაჩენი წლის ბოლომდე გაგრძელდება. პარალელურად ამისა, დონალდ ტრამპი, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერად და ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მთავარ პოტენციურ მეტოქედ განიხილება, საარჩევნო კამპანიას აგრძელებს, რადგან კანონი მას ამას არ უკრძალავს.