ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო 34 ბრალდებაში, რომლებიც ჩანაწერების გაყალბებას და პორნოვარსკვლავ სტორმი დანიელსის გაჩუმებისთვის ფულის გადახდას უკავშირდება.
ტრამპის საქმესთან დაკავშირებით საბოლოო განაჩენს მოსამართლე 11 ივლისს გამოიტანს, მანამდე ის თავისუფალი იქნება. ეს არის აშშ-ის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა ქვეყნის პრეზიდენტი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
ტრამპის თქმით, სასამართლო პროცესი გაყალბებული იყო და მან ნაფიც მსაჯულებს მოსყიდულები უწოდა. მისი განმარტებით, ის უდანაშაულოა და სასამართლოს მიერ მიღებულ ასეთ „სამარცხვინო“ განაჩენს ის არ შეეგუება, ამიტომ ის ზემო ინსტანციებში ბრძოლას გააგრძელებს.
სასამართლო დავა 2016 წელს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. როგორც ბრალდების მხარე ამტკიცებს, დონალდ ტრამპს სექსუალური კავშირი ჰქონდა პორნოვარსკვლავთან, თუმცა ამ ამბის შესახებ მას ინფორმაციის გავრცელება არ უნდოდა, რის გამოც ტრამპის ადვოკატმა გაჩუმების სანაცვლოდ სტორმი დანიელსს 130,000 დოლარი გადაუხადა.
მართალია, აშშ-ის კანონმდებლობით არც ადამიანის გაჩუმების სანაცვლოდ ფულის გადახდაა აკრძალული და არც სექსუალური კავშირის ქონა, თუმცა პრობლემა გამოიწვია იმ მოცემულობამ, რომ ტრამპის ადვოკატმა ტრანზაქციის განსახორციელებლად ბიზნესჩანაწერები გააყალბა და თანხა ისე გადარიცხა, თითქოს, ის იურიდიულ პირებს შორის მომხდარ ბიზნესგარიგებას უკავშირდებოდა, რაც კანონის უხეში დარღვევაა.
თავად დონალდ ტრამპი დანიელსთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ საქმე თავიდან ბოლომდე გაყალბებულია და მის მიღმა დემოკრატები დგანან, რომელთაც ტრამპის დამარცხება სურთ.
იურისტების შეფასებით, ტრამპს თავისუფლების აღკვეთა არ მიესჯება, რადგან მომხდარი შემთხვევა არ მიეკუთვნება მძიმე დანაშაულის კატეგორიას და სასამართლო პრაქტიკა მსგავს შემთხვევებში ჯარიმის დაწესებას, პრობაციას ან სხვა სახის შეზღუდვას ითვალისწინებს. მართალია, ტრამპს ოფიციალურად ექნება დამნაშავის სტატუსი, თუმცა ეს სამართლებრივ დონეზე მას ხელს არ შეუშლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაში. ცხადია, სასამართლოს ამ განაჩენით ტრამპი უდიდეს რეპუტაციულ ზიანს მიიღებს და ოპონენტები მას დამნაშავის სახელს წამოაძახებენ, თუმცა ისტორია ცხადყოფს, რომ მილიარდერს პრეზიდენტს ასეთი გამოწვევების არ ეშინია და ის ყველანაირ ნეგატიურ პიარს, საბოლოო ჯამში, თავის სასიკეთოდ იყენებს.