პანამის არხი გლობალური ვაჭრობის სტრატეგიული პუნქტია, რომელიც ატლანტის და წყნარ ოკეანეებს აკავშირებს. ბოლო პერიოდში არხის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, განსაკუთრებით აშშ-ისა და ჩინეთის ინტერესების კონტექსტში. ამ სტრატეგიული წერტილის მიმართ ინტერესი ყველას აქვს და მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოები მასზე კონტროლის მოსაპოვებლად ერთმანეთს ეპაექრებიან.
როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა პანამაში ვიზიტისას განაცხადა, ჩინეთი პანამის არხის მდგრად ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის, რის გამოც, ამერიკის შეერთებული შტატები და პანამა არხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთად იმუშავებენ და არ დაუშვებენ, რომ ჩინეთმა ან ნებისმიერმა სხვა სახელმწიფომ არხის ოპერირება რისკის წინაშე დააყენოს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრის განცხადებებს ჩინეთის მთავრობის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. "ვინ წარმოადგენს რეალურ საფრთხეს არხისთვის? ხალხი თავად შეაფასებს” — პანამაში ჩინეთის საელჩომ ასეთი განცხადება გაავრცელა, რომელშიც შეერთებული შტატები შანტაჟის და ზეწოლის გამოყენებით პანამა-ჩინეთის თანამშრომლობის ჩაშლაში დაადანაშაულა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ პანამის არხის ორივე ბოლოში მდებარე პორტებს ჰონგ-კონგში დაფუძნებული CK Hutchison-ი მართავს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას არ მოსწონს, რადგან ისინი ამ კომპანიას ჩინეთის კომუნისტურ მთავრობასთან აკავშირებენ. თავად კომპანიას პორტების გაყიდვა ამერიკული კონსორციუმისთვის სურს, რომლის შემადგენლობაში BlackRock-იც შედის. აპრილის დასაწყისში, ჩინეთის მთავრობამ ეს გარიგება დროებით დაბლოკა.




























