მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკომუნიკაციო პლატფორმის, Telegram-ის დამფუძნებელი, პაველ დუროვი, ჯერაც პატიმრობაში რჩება. წარმოშობით რუსი მილიარდერი საფრანგეთის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ გასულ წელს დააკავა. პროკურატორა მილიარდერს თორმეტ დანაშაულს ადანაშაულებს, რომელთა შორის ტერორიზმის ხელშეწყობას, ბავშვების ტრეფიკინგს და სექსუალური შინაარსის კონტენტის არალეგალურ გავრცელებას ვხვდებით. საფრანგეთის პროკურატურაში ამბობენ, რომ სასამართლო პროცესი სულ მცირე ერთი წელი არ შედგება.
დანაშაულები, რომლებიც პაველ დუროვს ბრალად ედება, საკმაოდ მძიმეა და ისინი პირდაპირ უკავშირდება იმ მიდგომას, რომელიც Telegram-ის დამფუძნებელს მისი პლატფორმის მიმართ დაკავებამდე ჰქონდა. ფრანგულ ციხეში მოხვედრის შემდეგ, სოციალური ქსელი შეიცვალა, როგორც ტექნიკურად, ასევე ფილოსოფიურად, რაც გვაფიქრებინებს, რომ პაველ დუროვმა, გარკვეულწილად, მის შეხედულებებს გადაუხვია. ამ პერიოდში, კომპანიამ საფრანგეთის საგამოძიებო სამსახურებთან თანამშრომლობა დაიწყო, Telegram-ში მოდერაცია ჩაირთო და აპლიკაციაში ადგილმდებარეობის ფუნქციონალი დაკორექტირდა.
პაველ დუროვი ცნობილი რუსი ანტრეპრენიორია, რომელმაც Facebook-ის რუსული ანალოგი, VKontakte შექმნა. ამერიკული Bloomberg-ის შეფასებით დუროვი $13.7 მილიარდის ქონებას ფლობს. დაკავებამდე, მილიარდერი დუბაიში ცხოვრობდა, მაგრამ დაკავების და $5.2-მილიონიანი გირაოთი გათავისუფლების შემდეგ, პარიზში იმყოფება, რადგან საფრანგეთის დედაქალაქის დატოვება, მთავრობის მიერ დაშვებული გამონაკლისების გარდა, აკრძალული აქვს. პაველ დუროვი რუსეთის, საფრანგეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და სენტ-კიტსის და ნევისის მოქალაქეობას ფლობს.
რამდენიმე დღის წინ, პაველ დუროვმა X-ზე სკანდალური განცხადება გაავრცელა. ანტრეპრენიორის თქმით, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას საფრანგეთის საგარეო დაზვერვიდან დაუკავშირდნენ და აპლიკაციაში რუმინული კონსერვატიული ძალების ხმის ჩახშობა მოითხოვეს. მისივე თქმით, დაკვეთა პირდაპირ საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელისგან, ნიკოლას ლერნერისგან მიიღო, მაგრამ მის აღსრულებაზე უარი განაცხადა. განცხადებას საფრანგეთის დაზვერვა გამოეხმაურა, რომელიც ადასტურებს, რომ დუროვთან წლების განმავლობაში არაერთი შეხვედრა შემდგარა, მაგრამ არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით საუბარი, მათი თქმით, არ ყოფილა.