2023 წლის მარტში კობა გვენეტაძეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის ვადა ეწურება. სებ-ის პრეზიდენტმა გადაცემა “ანალიტიკაში” მისი საქმიანობის 7-წლიანი მანდატის და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. კობა გვენეტაძის განცხადებით, ის მთავარ მიღწევად ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას მიიჩნევს.
“ამ შვიდ წელს რომ გადავხედავ, ჩვეულებრივზე მეტი იყო ასეთი გამოწვევა, ვიდრე საშუალოდ რომ ავიღოთ გამოწვევები. მთავარი მიღწევა ვფიქრობ არის ის, რომ ქვეყანამ მიუხედავად გამოწვევების იმ კასკადისა, შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა,”- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, რაზე წყდება გული, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ სამწუხაროა ფაქტი, რომ მისი პრეზიდენტობის ვადაში საქართველომ საინვესტიციო კატეგორიის რეიტინგი ვერ მიიღო.
“2011 წლის შემდეგ 2017 წელს პირველად გაიუმჯობესა საკრედიტო რეიტინგი, მუდისი იყო პირველი, რასაც მოჰყვა S&P და Fitch-ი და შემდეგ გაგრძელდა ეს. ამჟამად ორი ბიჯი გვაკლია, საინვესტიციო რეიტინგამდე. 95%-იანი დარწმუნებულობით ვამბობ, რომ თუ არ იქნებოდა პანდემია და რუსული აგრესია, დღეს ნამდვილად ვიქნებოდით საინვესტიციო რეიტინგით. ყველა ის მიმართულება, იქნებოდა ეს ფისკალური დეფიციტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ეს იყო ვალის დონე, დედოლარიზაციის შედეგები, ფინანსური სისტემის მაჩვენებლები, აბსოლუტურად ყველაფერი თანმიმდევრულად მიდიოდა ისე რომ ჩვენ აუცილებლად იქ უნდა ვყოფილიყავით. სამწუხაროდ შეიძლება ითქვას, რომ ორი წელი დაიკარგა. ძალიან მწყდება გული, რომ ჩემი პრეზიდენტობის პირობებში საქართველომ ვერ მიაღწია საინვესტიციო რეიტინგის დონეს,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
საქართველოს საკრედიტო რეიტინგი სამივე ძირთადი სააგენტოს დასკვნით 2019 წლიდან უცვლელია და BB/Ba2 დონეს (Fitch; S&P; Moody’s) შეადგენს. იმისთვის, რათა აღნიშნული რეიტინგი საინვესტიციო კატეგორიის გახდეს, ამისთვის მისი ორი საფეხურით მომატებაა აუცილებელი.




























