სახელმწიფო, ფერმერებს, რომლებსაც ერთწლოვანი კულტურების მოყვანა სურთ, სესხის საპროცენტო განაკვეთის 9%-ს უნაზღაურებს. BMG-ის მთავარმა რედაქტორმა, თელარა გელანტიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ჰკითხა, მოხდა თუ არა გასული წლის პროგრამის შედეგების ანალიზი, როცა ფერმერებმა ხორბლის მოსავლის რეალიზაცია ვერ შეძლეს და ამის გათვალისწინებით, რამდენად აუცილებელი იყო პროგრამის გაგრძელება. კითხვა ასევე შეეხებოდა ბიუჯეტის მოცულობას, თუმცა ამაზე მინისტრს პასუხი არ გაუცია.
ოთარ შამუგიამ მხოლოდ ის თქვა, რომ მიუხედავად ხორბლის რეალიზაციის პრობლემისა ფერმერთა ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, რათა კონკურენტულ გარემოში შესაბამისი მოსავლის მოყვანა და რეალიზაცია შეძლონ.
"ჩვენ შარშანაც გვქონდა ერთწლიანი კულტურებისთვის აგროკრედიტი. ეს არ ეხება მხოლოდ ხორბალს. ეხება ყველა ერთწლოვან კულტურას, რომლის მოყვანასაც ფერმერები მოისურვებენ. ამ ნაწილში, მათ შეეძლებათ, ისარგებლონ მთავრობის მხარდაჭერით სახელმწიფო დახმარებით, კონკრეტულად საპროცენტო განაკვეთის სესხის 9%-ის ოდენობით.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხორბალსა და სხვა კულტურებში ხელი შევუწყოთ ჩვენს ფერმერებს ხარჯების თანადაფინანსების ნაწილში, რომ მათ კონკურენტულ გარემოში შესაბამისი მოსავლის მოყვანა და რეალიზაცია შეძლონ.
რაც შეეხება ხორბლის მოყვანის საკითხებს, საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მივიღეთ შარშან და წელს გავაგრძელეთ ის რეგულაცია, რომელიც შეეხო ფქვილის და ქატოს იმპორტს. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო", - განაცხადა შამუგიამ.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აგროკრედიტისთვის 200,000 ლარია გამოყოფილი. ზუსტად ამდენივე იყო გასულ, 2023 წელსაც.