პრეზიდენტი სი ძინპინი 5-დღიანი ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა. ჩინეთის პრეზიდენტის ყოველი შეხვედრა ქვეყნის გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურება, რაც კომუნისტური პარტიის პრაგმატული ხელწერის ნაწილია.
საფრანგეთის შემთხვევაში, ემანუელ მაკრონთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრით სი ძინპინს ჩინეთის მიმართ ევროკავშირში არსებული ნეგატიური განწყობის გაქარწყლება სურს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი სავაჭრო ტარიფები, სუბსიდიები და იმპორტ-ექსპორტია. როგორც ცნობილია, ევროკავშირი ჩინური წარმოების ელექტრომობილებზე მაღალი საიმპორტო ტარიფების დაწესებას აპირებს, ამ ინიციატივას კი, ბუნებრივია, სი ძინპინი ეწინააღმდეგება.
სერბეთთან მიმართებით ჩინეთის პრეზიდენტის მიზანი გეოპოლიტიკური მოკავშირის გაძლიერებაა, რომელიც ევროპის კონტინენტზე რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთ მხარდამჭერად რჩება.
რაც შეეხება უნგრეთს, ეს ევროპული სახელმწიფო Huawei-ს ერთ-ერთ უდიდეს საწარმოს მასპინძლობს და BYD-ის პირველი ევროპული ქარხანა სწორედ იქ აშენდება, შესაბამისად, უნგრეთთან მიმართებით ჩინეთს პირდაპირი კომერციული ინტერესი აქვს.
როგორც ცნობილია, სი ძინპინი ზემოხსენებული სახელმწიფოების ლიდერებს, მინისტრებს, ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.
ოფიციალური პეკინის განცხადებით, ქვეყნის ლიდერის გამგზავრება ევროპასა და ჩინეთს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ემსახურება. დასავლელ კოლეგებთან შეხვედრისას სი ძინპინი საერთაშორისო ვაჭრობაზე, გეოპოლიტიკაზე, მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებსა და სასანქციო რეჟიმზე ისაუბრებს.