საქართველოში 2024 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ოჯახების ინტერნეტით უზრუნველყოფის მაჩვენებელი 2.6%-ით გაიზარდა და შინამეურნეობების 91.5% ინტერნეტი აქვს.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2024 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 84.8%-მა ისარგებლა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.1 პროცენტული პუნქტით აღემატება.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ძირითადად ინტერნეტის გამოყენების მიზნებს წარმოადგენდა: ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (94.7%);
- სოციალური ქსელების გამოყენება (94.6%);
- ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (50.4%);
- ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (47.2%);
- ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (46.6%);
- საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (43.1%);
- ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (37.9%);
- პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (15.5%);
- სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (11.8%);
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 12 თვეში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 31.3 %-მა ინტერნეტის მეშვეობით საქონელი ან მომსახურება შეიძინა ან შეუკვეთა. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავდება დასახლების ტიპის მიხედვით: საქალაქო დასახლებებში - 37.3%-ია, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 19.9%. სქესის მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები ქალებისათვის 32.4 პროცენტს, კაცებისათვის კი 29.9%-ს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავებულია: 15-29 წლის ასაკის მოსახლეობაში - 48.4%, 30-59 წლის ასაკის მოსახლეობაში - 32.5%, ხოლო 60 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში - 11.4%-ია.
ამასთან, ბოლო 3 თვეში უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად ინტერნეტის მომხმარებელთა 99.5%-მა მობილური მოწყობილობა (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, პლანშეტი და ა.შ.) გამოიყენა. აღნიშნული მაჩვენებელი ქალებისათვის 99.8%-ს, ხოლო კაცებისათვის - 99.3%-ს შეადგენს.