დღეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ კონსორციუმის 42%-იანი წილის მფლობელი "კონტი ჯგუფი" პროექტს აღარ დატოვებს. შეგახსენებთ: აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ "კონტი" პროექტიდან გავიდოდა, რის გამოც, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მისი ჩამნაცვლებლის ძიება დაიწყო. კონსორციუმის CEO-ს ლევან ახვლედიანის განცხადებით, "კონტის" დარჩენა საინვესტიციო ბანკებთან შეთანხმების მიღწევაზე დადებით გავლენას იქონიებს.
“როგორც დღეს დავადასტურეთ განცხადებით, "კონტი ჯგუფმა" შეცვალა გადაწყვეტილება და გადაწყვიტა პროექტში დარჩენა. მისი წილი რჩება იგივე, რაც იყო ანუ 42%-ის ფარგლებში და ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას და ვფიქრობთ, რომ ეს იყო ძალიან დროული. ეს არის კერძო მოლაპარაკება პარტნიორებს შორის. როგორც ჩვენ გასვლის მიზეზებზე არ გავაკეთეთ განცხადება, არც ახლა გვაქვს უფლება, რომ ვილაპარაკოთ დარჩენის მიზეზებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ "კონტი" ადრე თუ გვიან თავად გააკეთებს ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ის პარტნიორი, რომელთან ერთადაც ჩვენ მოვიგეთ ტენდერი, რჩება პროექტში და შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი ხაზგასასმელი ფაქტორია. დანარჩენი ახალი პარტნიორების მოზიდვის კუთხითაც დადებითად ზეგავლენას იქონიებს. ეს ჩვენთვის ძალიან კარგია", - განაცხადა ახვლედიანმა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის "კონტი ჯგუფს" ანაკლიის პორტის პროექტში $5.5 მლნ-ის ინვესტიცია აქვს ჩადებული.
"გარკვეულ პერიოდამდე ისინი (კონტი ჯგუფი) ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროექტში და აფინანსებდნენ კიდევაც პროექტის მიმდინარე ხარჯებს. რაღაც მომენტის შემდეგ მათ თქვეს, რომ თავს შეიკავებდნენ. საქართველოში მათ დაახლოებით $8 მილიონ დოლარამდე აქვთ ინვესტიცია განხორციელებული - არამარტო ანაკლიის პროექტში, რადგან ჩვენ მათთან ერთად სხვადასხვა პროექტები გვქონდა და გვაქვს. უშუალოდ ანაკლიის პროექტში კი, დაახლოებით $5.5 მილიონი დოლარი აქვთ დახარჯული", - აღნიშნა ახვლედიანმა.
რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა პროექტში "კონტი ჯგუფის" დარჩენამ მთავრობის მიერ ანაკლიის კონსორციუმისთვის მიცემულ ვადაზეც იქონიოს გავლენა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა:
"არ მგონია, ამან ვადებზე იმოქმედოს. მთავრობის პოზიცია, ჯერჯერობით, უცვლელია ვადებთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია არის სულ სხვა, ვადებზე ჩვენ ვამბობთ რომ არის კონკრეტული დაბრკოლებები და ამ საკითხებს სჭირდება გადაწყვეტა, მთავრობის ჩართულობა და ამის გარეშე ვადებზე საუბარი და ულტიმატუმებით და მკაცრი ენით საუბარი ჩვენი გადმოსახედიდან პროექტისთვის არის დამაზიანებელი ყველა მიმართულებით. ჩვენ ვიმუშავებთ რომ გავაკეთოთ მაქსიმალური, რათა მთავრობასთან ერთად მოხერხდეს ამ პროექტის წინ წაწევა და განხორციელება".
გარდა ამისა, დღეს ლევან ახვლედიანს ჟურნალისტებმა კითხეს ამერიკულ ფონდ Cerberus-ზეც, რომელიც შესაძლოა ანაკლიის კონსორციუმის პარტნიორი გახდეს და რომლის წარმომადგენლებიც tv "პირველის" ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასაც შეხვდნენ, თუმცა კონსორციუმის ხელმძღვანელმა ფონდის ვინაობა არ დაადასტურა.
"ჩვენ ამ ფონდის ვინაობას ვერ დაგიდასტურებთ და ვერ დაგისახლებთ, ჩვენ ვაწარმოებთ ასევე მოლაპარაკებას ამ ამერიკულ ფონდთან. მიდის მოლაპარაკება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიდის მოლაპარაკება მთავრობის წარმომადგენლებთანაც და უნდა დაველოდოთ ამ მოლაპარაკებების შედეგებს. ვერ დაგიდასტურებთ ამას [Cerberus] ამის უფლება არ მაქვს; როდესაც იქნება შესაბამისი მზაობა და დასრულდება მოლაპარაკებები, ჩვენ ამერიკული ფონდის სახელს მას შემდეგ გავაჟღერებთ.
ჯერ უნდა დავილაპარაკოთ პარტნიორებს შორის, უნდა ვნახოთ თუ რისთვის არიან ისინი მზად, ჯერ ადრე არის ამაზე საუბარი და უახლოეს მომავალში ესეც გაირკვევა. ამ ეტაპზე არ მაქვს ამაზე კონკრეტული პასუხი.




























