ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ 4-წლიან საარბიტრაჟო დავაში წააგო - აღნიშნული განაჩენი 30 ივლისს პარიზის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მიიღო. კონსორციუმი სახელმწიფოსგან 476 მილიონი დოლარის მიუღებელი შემოსავლის მიღებაზე დაობდა, რაც კონსორციუმის ინვესტორთა შეფასებით წარმოადგენდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მთავრობის მიერ გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რომელთაც 2020 წელს კონსორციუმთან საინვესტიციო შეთანხმების გაუქმება მოჰყვა. არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს 650,000 დოლარის გადახდა დააკისრა, რომელიც იუსტიციის მინისტრის განცხადებით მთავრობის სასარგებლოდ ბიუჯეტში უნდა ჩაირიცხოს.
თუმცა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებით, მთავრობა ცრუობს, როდესაც აცხადებს რომ აღნიშნული თანხა კომპანიას სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა. აღნიშნულის შესახებ გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, თედ ჯონასმა ისაუბრა. ჯონასის განმარტებით, სინამდვილეში ეს არის ის თანხა, რომელიც ორივე მხარემ 650-650 ათასი დოლარის ოდენობით გადაუხადეს საერთაშორისო არბიტრაჟს მათი მომსახურებისთვის, ხოლო გუშინდელი განაჩენით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს სწორედ აღნიშნული თანხის ანაზღაურება დაევალა მთავრობისთვის.
“იუსტიციის მინისტრმა თქვა ძალიან ბევრი ტყუილი. ის არის იურისტი და მან უნდა იცოდეს უკეთ რა თქვას. ორივე მხარეს უწევდა 650 ათასის გადახდა ICC-ისთვის, რაც იყო არბიტრების ხარჯების დაფარვა. ჩვენც დავდეთ 650 ათასი, ისევე როგორც მთავრობამ. ხოლო საერთაშორისო არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი და ეს არის ის 650 ათასი დოლარის ანაზღაურება საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც მათ გადაუხადეს საწყის ეტაპზე. ეს გულისხმობს, რომ ჩვენ ეს თანხა გადაგვეხადა ICC-ისთვის და არა მათთვის.
650 000 დოლარი არის მცირე ნაწილი იმ სამართლებრივი ხარჯისა, რომელიც გასწია მთავრობამ. ეს იყო მილიონობით დოლარი და მათი ხარჯები იყო ჩვენს ხარჯებზე ორჯერ მეტი. როგორც წესი, გამარჯვებული მხარე უნდა იღებდეს ყველა ხარჯისთვის, რომელიც გასწია, თუმცა არბიტრაჟის გათვალისწინებით, რომ ძალიან ახლოს იყო ამ საქმის განხილვისას, მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადაგვეხადა სამართლებრივი დანახარჯები სრულად მთავრობისათვის. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ არბიტრაჟი მთავრობის მიერ შეთავაზებულ არგუმენტებს ბოლომდე კი არ დაეთანხმა, არამედ არბიტრაჟმა თქვა, რომ ხედავენ მოსარჩელის ძალისხმევას და არ დააკისრებენ მას სამართლებრივი ხარჯების ანაზღაურებას. ამ შემთხვევაში ეს არის ძალიან მცირე ნაწილი მთავრობის სამართლებრივი დანახარჯებისა", - განაცხადა თედ ჯონასმა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, სახელმწიფომ ანაკლიის საარბიტრაჟო დავაში საერთაშორისო იურიდიული ფირმა White & Case-ის მომსახურრების დაქირავებისთვის 70 მილიონი ლარი გადაიხადა.