დღეს, 11:00 საათზე იუსტიციის სამინისტროში, უწყების ხელმძღვანელი რატი ბრეგაძე ბრიფინგს გამართავს.
ბრიფინგის სავარაუდო თემა - "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" დაკავშირებით საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებაა.
29 ივლისს მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც იგი დეტალებს არ აზიარებდა, მაგრამ წერდა, რომ "არბიტრაჟის გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია".
მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, თავიდან ბოლომდე ხაზარაძე-ჯაფარიძის მხარე გამტყუნდა.
დღეს "საერთაშორისო სავაჭრო პალატის" (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს საარბიტრაჟო წესებით მიმდინარე არბიტრაჟში, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ADC-ის სარჩელზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” (ADC) სამეთვალყურეო საბჭომ განცხადება გაავრცელა. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების დეტალებზე არც კონსორციუმის განცხადებაშია საუბარი, იმ არგუმენტით, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასა და საარბიტრაჟო პროცესთან დაკავშირებული დეტალები კონფიდენციალურია.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის იანვარში ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება ცალმხრივად გაწყვიტა, რასაც ინვესტორთა მხრიდან საარბიტრაჟო დავის დაწყება მოჰყვა. არბიტრაჟის დავის საგანი $1.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.