19 ნოემბერს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით ვალიადოლიდში ერთმანეთს ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძლების გამარჯვებით 3-1 დასრულდა, რის შედეგადაც საქართველომ ჯგუფში 8 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და ტურნირზე ტრადიციული გზით მოხვედრის შანსი დაკარგა.
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველომ ერთა ლიგის ტურნირზე ჯგუფში პირველი ადგილი მოიპოვა და პლეი-ოფში გავიდა, საიდანაც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს.
21 მარტს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, მაგრამ ჩვენი ეროვნული ნაკრები ამ მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდება.
საქმე ისაა, რომ ნაკრების ლიდერს ხვიჩა კვარაცხელიას საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული, ესპანეთთან თამაშისას კი მსაჯთან კამათის გამო კიდევ ერთი ყვითელი ბარათი მიიღო. ფედერაციის დაუდევრობითა და ინფორმაციის გადაუმოწმებლობით აღმოჩნდა, რომ ყოველ მესამე ყვითელ ბარათზე ფეხბურთელი მომდევნო მატჩს ტოვებს და ბარათები გადადის ერთა ლიგის საპლეიოფო შეხვედრაშიც.
აღნიშნულმა ფაქტმა გულშემატკივრები ძალიან გააბრაზა და ბევრი მათგანი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის გადადგომასაც ითხოვდა.
განცხადება გააკეთა ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა, რომელმაც გულშემატკივრებს მოუწოდა ერთიანობის შენარჩუნებისკენ და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო:
"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი არსებულ რეგულაციასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად დაუშვებელია! 21 მარტს მოედანზე ხვიჩას არყოფნა დიდი დანაკლისია გუნდისთვის, ფედერაციისთვის და თითოეული ჩვენგანისათვის.
წლების განმავლობაში, თქვენი მხარდაჭერით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ დასახული მიზნისკენ, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია. მიუხედავად ეროვნული ნაკრების მენეჯმენტის თავდაუზოგავი შრომისა, კონკრეტული პირის მიერ დაშვებული იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ვიხდი ბოდიშს და მე, როგორც სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.
დღეს, ჩვენი ეროვნული ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ერთიანობის შენარჩუნება და მარტის გადამწყვეტი თამაშისთვის მომზადება. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, მჯერა ჩვენი გუნდის ერთიანობის, მისი ძალის და მწამს რომ აუცილებლად დავამარცხებთ ლუქსემბურგის ნაკრებს, გავალთ პლეი-ოფის ფინალში, სადაც სანუკვარ ოცნებას უკვე ხვიჩასთან ერთად შევეჭიდებით და ავიხდენთ", - ნათქვამია ალექსანდრე იაშვილის განცხადებაში.
მოგვიანებით, როგორც გაირკვა ბარათების მიმართულებით პასუხისმგებელი პირი ნაკრების მენეჯერი გიორგი კაციტაძე აღმოჩნდა, რომელმაც სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე პოსტი დაწერა, სადაც დაშვებულ შეცდომას აღიარებს და ფედერაციასა და გულშემატკივარს ბოდიშს უხდის:
"პირველ რიგში ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს ჩემი შეცდომისთვის და არ შემეძლო პირადად არ მეთქვა ეს საჯაროდ.
2011 წლიდან დღემდე, რაც ეროვნული გუნდების სტრუქტურაში ვმუშაობ, პირველად და ყველაზე მნიშვნელოვან დროს დავუშვი ისეთი შეცდომა, რის გამოც თავს საშინლად ვგრძნობ და რეალობად მიღება ახლაც მიჭირს.
იმდენად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულებისთანავე ყველა ყვითელი ბარათი უქმდებოდა, რომ ყველა ჩემ სისწორეში დავარწმუნე, არადა არაერთხელ მკითხეს. თავის დაზღვევის მიზნით რეგულაციის აღნიშნული პუნქტები არ გადავამოწმე და ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები შეცდომაში შევიყვანე.
ამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დაშვებული შეცდომისთვის პირადად მე ვუხდი ბოდიშს ნაკრების ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთის ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ამ გუნდის წარმატებისთვის თავდაუზოგოვად შრომობს.
იმ მიზეზით, რომ ამ მნიშვნელოვან დროს, გუნდში არსებულ ერთიანობას ზიანი არ მიადგეს, საერთო გადაწყვეტილებით, გუნდთან ერთად ვრჩები. მზად ვარ, რომ ჩვენ გუნდს მარტის მატჩებში გვერდით დავუდგე და საერთო მიზნის მიღწევაში ჩემი წვლილი შევიტანო და ამით ვეცადო იმ შეცდომის გამოსწორებას, რითაც ჩემი გუნდი და ჩემი ქვეყნის ნაკრები დავაზარალე. კიდევ ერთხელ დიდ ბოდიშს გიხდით ყველას და ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო", - ნათქვამია ეროვნული ნაკრების მენეჯერის გიორგი კაციტაძის პოსტში.
მომხდართან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ კვარაცხელიას დიდი დანაკლისის მიუხედავად ფეხბურთი გუნდური თამაშია და მინდორზე გამოსულმა 11-მა მოთამაშემ უნდა შეძლოს წარმატების მიღწევა:
“ფეხბურთში ყველაფერი ხდება. იმიტომ არის სპორტის ეს სახეობა საინტერესო, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. რა თქმა უნდა, კვარაცხელია დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის. ის არის ლიდერი გუნდში, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი და მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა ფეხბურთს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არ თამაშობს. მინდორზე 11 კაცი გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია ნაკრებს ვერ დაეხმარება, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აღნიშნული შეხვედრა წარმატებით ჩაატარონ. მინდა, გულწრფელად გამარჯვება ვუსურვო მათ და დარწმუნებული ვარ შედეგიც იქნება. მართლაც ვიმსახურებთ ამ ნახევარფინალის მოგებას, რადგან კარგ თამაშს ვაჩვენებთ კარგი გუნდი გვყავს, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს”, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
სფფ-ს პრეზიდენტი აღიარებს დაშვებულ შეცდომას, თუმცა მიიჩნევს, რომ ეროვნულ ნაკრებს შესწევს საკმარისი ძალა კვარაცხელიას გარეშეც გადალახოს ნახევარფინალური ეტაპი და საბოლოოდ მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე:
“ცხადია იყო ძალიან დიდი და უხეში შეცდომა დაშვებული, რაც არის სამწუხარო ფაქტი და არ უნდა ხდებოდეს, თითოეული ჩვენი გუნდის წევრი ვწუხვართ ამაზე. ხვიჩა განსაკუთრებული ფეხბურთელია და მისი არ ყოფნა რა თქმა უნდა დიდი დანაკლისია ჩვენი გუნდისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი ჩვენი გუნდის წევრის დანაკლისი არის რთული და მძიმე. თუმცა ფაქტი, რომელიც მოხდა არის ძალიან ცუდი და ის ადამიანური შეცდომით იყო გამოწვეული, თუმცა ამ მოცემულობას ვერაფერს ვეღარ ვუშველით. დღეს მთავარი აქცენტები უნდა გავაკეთოთ იმაზე, რომ 21 მარტის უმნიშვნელოვანეს მატჩამდე ჩვენ მოვედით ერთიანობით, ჩვენ ეს დავიმსახურეთ ერთად, როგორც თითოეული გუნდის წევრმა, ფედერაციამ, მოთამაშეებმა, გულშემატკივრებმა, მედიის წარმომადგენლებმა და ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ის, რომ მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს მარტში და დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ 21 მარტს ჩვენ გვყავს ისეთი ძლიერი და მობილიზებული გუნდი, რომელიც შეძლებს ამ თამაშში გამარჯვებას” - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ წარსულში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი, 2020 წლის ერთა ლიგის ფინალიც გამოტოვა კოვიდ ვირუსის გამო, სადაც საქართველომ დინამო არენაზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან 1-0 წააგო.
ცნობისთვის, ერთა ლიგის ნახევარფინალში 21 მარტს საქართველო ლუქსემბურგის ნაკრებს დინამო არენაზე დაუპირისპირდება, ხოლო ფინალურ შეხვედრას მათ შორის გამარჯვებული ქვეყნის სტადიონი 26 მარტს უმასპინძლებს, სადაც ყაზახეთსა და საბერძნეთს შორის გამარჯვებული ნაკრებიც იასპარეზებს.