მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოხდა ომის მე-3 ღამეს ახლო აღმოსავლეთში?

ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა და გემებს ცეცხლის გახსნით დაემუქრა

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული სანავთობო მონაკვეთი, ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილად გამოაცხადა. თეირანი იმუქრება, რომ ნებისმიერ ხომალდს, რომელიც სრუტის გადაკვეთას შეეცდება, ცეცხლს გაუხსნის. აღნიშნულ მონაკვეთზე გლობალური ნავთობვაჭრობის დაახლოებით მეხუთედი მოდის, რაც მსოფლიო ენერგობაზრისთვის კრიტიკული საფრთხეა.

აშშ საკუთარ მოქალაქეებს 14 ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უსაფრთხოების რისკების გამო საგანგებო გაფრთხილება გამოსცა. ვაშინგტონი მოუწოდებს ამერიკის მოქალაქეებს, კომერციული ტრანსპორტის საშუალებით სასწრაფოდ დატოვონ რეგიონის 14 ქვეყანა. ესენია: ბაჰრეინი, ეგვიპტე, ირანი, ერაყი, ისრაელი (მათ შორის, იორდანეს დასავლეთი სანაპირო და ღაზას სექტორი), იორდანია, ქუვეითი, ლიბანი, ომანი, კატარი, საუდის არაბეთი, სირია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და იემენი. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადებით, რეგიონში ყოფნა სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს.

კონფლიქტში დაღუპული ამერიკელი სამხედროების რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ დაადასტურა, რომ ირანთან დაპირისპირებისას კიდევ ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, რითაც ჯამურმა მსხვერპლმა ექვსს მიაღწია. ჯარისკაცების ცხედრები იმ ობიექტზე იპოვეს, რომელიც ირანის პირველი იერიშების სამიზნე გახდა. დონალდ ტრამპმა მანამდე აღნიშნა, რომ ომის დასრულებამდე დანაკარგების ზრდა მოსალოდნელი იყო.

ქუვეითმა სამხედრო ოპერაციის დროს ჯარისკაცის დაღუპვა დაადასტურა

ქუვეითის შეიარაღებული ძალების ოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. თავდაცვის უწყებას ინციდენტის დეტალები და გარდაცვალების კონკრეტული გარემოებები არ დაუზუსტებია. რეგიონული დაპირისპირების ფონზე ქვეყანაში საბრძოლო მზადყოფნის დონე კვლავ მაღალია.

ისრაელის საპასუხო იერიშებს ლიბანში 52 ადამიანი ემსხვერპლა

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 150-ს აჭარბებს. ისრაელმა იერიშები მას შემდეგ გააძლიერა, რაც „ჰეზბოლამ“ მათ ობიექტებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. ლიბანის პრეზიდენტმა მოუწოდა მხარეებს, ნუ აქცევენ ქვეყანას "მარიონეტული ომების" პოლიგონად.

ირანი ამტკიცებს, რომ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის საჰაერო ბაზა განადგურებულია

ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაციას ბაჰრეინში მდებარე ამერიკულ საჰაერო ბაზაზე განხორციელებული დამანგრეველი იერიშის შესახებ. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ დაკავშირებულმა სააგენტო Fars-მა გამოაქვეყნა კადრები, სადაც ასახულია რაკეტების ტალღა, რომელიც ობიექტს ანადგურებს. თეირანის მტკიცებით, შეიხ ისას რეგიონში მდებარე ბაზაზე განადგურებულია აშშ-ის სარდლობის შტაბ-ბინა და აფეთქებულია საწვავის რეზერვუარები. ვაშინგტონს მომხდარის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებია.

ისრაელმა ირანის სახელმწიფო ტელევიზიის კომპლექსზე იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანში ირანის საზოგადოებრივი მაუწყებლის შტაბ-ბინა დაბომბეს. ისრაელის მხარე აცხადებს, რომ აღნიშნული კომპლექსი „გუშაგთა კორპუსის სიცრუისა და რეპრესიების მანქანის გული იყო“. ირანული მედია ადასტურებს, რომ დარტყმების შედეგად შენობის რამდენიმე ნაწილი დაინგრა. მსგავსი თავდასხმა ამ ობიექტზე შარშან, ივნისის ომის დროსაც განხორციელდა.

ერ-რიადში აშშ-ის საელჩო ირანული დრონებით დაიბომბა

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, აშშ-ის საელჩოს მიმდებარედ, ორი დრონი ჩამოვარდა, რამაც შემდეგ ხანძარი გამოიწვია. ქვეყნის თავდაცვის უწყების ცნობით, აფეთქებას მცირე მატერიალური ზიანი მოჰყვა, თუმცა მსხვერპლი არ ფიქსირდება. საელჩომ მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ მოძებნონ თავშესაფარი და უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაიცვან.

Amazon-ის მონაცემთა ცენტრები საჰაერო დარტყმების შედეგად დაზიანდა

Amazon-ის შვილობილმა კომპანია Amazon Web Service-მა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მათი სერვისები შეფერხებით მუშაობს. დრონების დარტყმის შედეგად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ორი მონაცემთა ცენტრი პირდაპირ დაზიანდა, ხოლო ბაჰრეინში აფეთქება ობიექტის სიახლოვეს მოხდა. კომპანიის ცნობით, სტრუქტურული დაზიანებების გამო სერვისების სრული აღდგენა ხანგრძლივი პროცესი იქნება.

კატარი ირანის თავდასხმებს პასუხით ემუქრება

კატარმა გაეროს უშიშროების საბჭოს ოფიციალური წერილით მიმართა და აღნიშნა, რომ ირანის თავდასხმებზე საპასუხო რეაქციის უფლებას იტოვებს. კატარის ძალებმა უკვე ჩამოაგდეს ორი ირანული თვითმფრინავი და გადაიჭირეს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა. ქვეყანამ იერიშების გამო ბუნებრივი აირის წარმოებაც შეაჩერა, რაც გლობალურ ენერგოუსაფრთხოებაზე პირდაპირ აისახება.

დადასტურდა ნათანზის ბირთვული ობიექტის დაზიანება

კომპანია Vantor-ის მიერ გავრცელებულმა სატელიტურმა სურათებმა აჩვენა, რომ ნათანზის ბირთვულ კომპლექსზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად ობიექტი დაზიანდა. ფოტოებზე ჩანს განადგურებული შენობები, რომლებიც მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაზე წვდომას უზრუნველყოფდა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს მონაცემები ეწინააღმდეგება ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებას, რომელიც ბირთვული ინფრასტრუქტურის დაზიანებას უარყოფდა.

NATO აშშ-ის მოქმედებებს მხარს უჭერს, თუმცა კონფლიქტში არ ერთვება

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსი მხარს უჭერს ირანის ბირთვული და სარაკეტო პოტენციალის განადგურებას. მისი თქმით, ვაშინგტონისა და ისრაელის ქმედებები რეგიონული საფრთხის შესამცირებლად აუცილებელია. თუმცა რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს, როგორც ორგანიზაციას, ომში ჩართვის გეგმები არ აქვს და მხოლოდ ცალკეული მოკავშირეები ეხმარებიან ამერიკულ მხარეს.

მარკო რუბიო: „ირანზე ყველაზე მძიმე დარტყმები ჯერ კიდევ წინ არის“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ვაშინგტონში განაცხადა, რომ ირანზე განხორციელებული იერიშები პრევენციული ხასიათისაა. მისი თქმით, თეირანიდან მომავალი საფრთხე გარდაუვალი იყო და თეთრი სახლი დარტყმის მოლოდინში არ გაჩერდებოდა. რუბიომ გააფრთხილა ირანი, რომ შემდეგი ფაზა კიდევ უფრო დამსჯელი და მტკივნეული იქნება, ვიდრე დღევანდელი ოპერაციები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები