მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოლოდინები აქვთ ღვინის კომპანიებს რთველი 2020-სგან –სექტორის გამოწვევები

5f5fdf4c626d6
ლიკა გურაბანიძე
14.09.20 23:46
2109

საქართველოში ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების კლების მიუხედავად, პანდემიამდე დაწყებული პროექტების დასრულება მაინც შეძლეს. ამის შესახებ მსხვილი კომპანიები bm.ge-სთან საუბრობენ. 

როგორც მეღვინეები აცხადებენ, საერთაშორისო ტურიზმის ჩაკეტვამ სხვა მიმართულებებთან ერთად ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა, თუმცა სექტორმა არსებულ გამოწვევებზე პასუხის გაცემა დროულად შეძლო.

ღვინის მწარმოებელი კომპანიების დამფუძნებლების თქმითვე, ბოლოდროინდელი სიტუაციიდან გამომდინარე ადგილობრივ ბაზარზე ღვინის გაყიდვები შემცირებულია, თუმცა განსხვავებული სიტუაციაა საექსპორტო ბაზრებზე.

„ექსპორტზე 5 თვის მონაცემებით დაახლოებით 14%-იანი ზრდა გვქონდა, ხოლო 8 თვის მონაცემებით 20%-იანი ზრდა გვიფიქსირდება, რაც აიხსნება იმით, რომ წარმოების პროცესი არ შეგვიჩერებია. სამწუხაროდ, ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 60-70%-იანი ვარდნა გვაქვს.“ - განაცხადა “თბილღვინო”-ს დამფუძნებელმა ზურაბ მარგველაშვილმა.

„შუხმან ვაინის“ გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა კი განაცხადა, რომ პანდემიის პერიოდში კომპანიას ადგილობრივ ბაზარზე 50%-იანი კლება დაუფიქსირდა.

"ადგილობრივ ბაზარზე მონაცემის ცვლილება ჩაკეტვის პერიოდმა გამოიწვია. ამ დროს ქართველები ღვინოს ნაკლებად ყიდულობდნენ. ვვარაუდობთ, რომ 2021 წლის პირველ კვარტლამდე ასეთი მაჩვენებელი გვექნება.

რაც შეეხება ექსპორტს, იქ მდგომარეობა სტაბილურად შენარჩუნდა, რაც ბაზრების დივერსიფიცირების პოლიტიკის შედეგია. თუ საექსპორტო ბაზრებზე 2021 წელს, 2020 წლის მსგავსი მაჩვენებლები შევინარჩუნეთ, კარგი იქნება, რადგან საშუალოვადიან (დაახლოებით ორი წელი) ჭრილში კრიზისი იქნება და ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას არ ვვარაუდობთ", - განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა.

 



ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა პანდემიის მიუხედავად, ახალი ვენახების გაშენება და საწარმოო სიმძლავრეების გაზრდა მაინც შეძლეს. ზოგიერთ კომპანიას არც ახალი საექსპორტო ბაზრის ათვისება გაუჭირდა.

„ჩვენ პირველი შეკვეთა აშშ-დანაც მივიღეთ, რაც ძალიან გვახარებს. ჩვენ ამერიკის ბაზარზე შესვლის წლად გამოცხადებული 2020 წელი გვქონდა. პირველი კონტეინერი 18 ათასი ბოთლით, ამ პირობებში არა მარტო სიმბოლური არამედ სოლიდურიც არის.“- აღნიშნა “ბადაგონი”-ს დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ.

 



გეგმების მხოლოდ მცირედით შეკვეცა შეძლო "თბილღვინომაც":

„42 ჰექტარი საფერავის ვენახი ყვარლის რაიონში სოფელ ენისელში სწორედ მარტი-აპრილის თვეში გავაშენეთ. ხოლო რთველისთვის 1 მლნ 100 ათასი ლიტრის საწარმოო სიმძლავრეების გაზრდის პროცესი არ შეგვიჩერებია და წარმატებით დავასრულეთ.“ - განმარტა “თბილღვინო”-ს დამფუძნებელმა ზურაბ მარგველაშვილმა.

 

რაც შეეხება ღვინის მწარმოებელი კომპანიების გეგმებს, მიუხედავად სექტორში გადატანილი კრიზისისა, ისინი 2020 წლის რთველს გარკვეული მოლოდინებით ხვდებიან და მიიჩნევენ, რომ წელს ხარისხიანი ყურძნის მოსავალი მათი გაყიდვების მაჩვენებლებზე დადებით გავლენას იქონიებს.



„ამ ეტაპზე ჩვენ ყურძენი დაახლოებით 2 000 ტონის ფარგლებში გვაქვს მიღებული, როგორც ჩვენი ვენახებიდან, ასევე ფერმერებისგან და საბოლოო ჯამში ჩვენი გადამუშავების საერთო მოცულობამ 6 500 ტონა უნდა შეადგინოს.“ - განაცხადა “თელავის ღვინის მარანი”-ს დამფუძნებელმა ზურაბ რამაზაშვილმა.

„რთველი 2020 ნორმალურად მიმდინარეობს. ჩვენ წელს 6 000-დან 6 500 ტონამდე ყურძნის გადამუშავებას ვგეგმავთ. ხოლო 2021 წელს დაახლოებით 7 მლნ ბოთლის რეალიზაციას ვგეგმავთ.“ - განმარტა “ბადაგონი”-ს დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ.



„მიმდინარე წელს მლნ ნახევარი ბოთლი ღვინის წარმოებას ვგეგმავთ. ყურძნის დაახლოებით 60%-ს ჩვენ საკუთრი ვენახებიდან მივიღებთ, ხოლო 40%-ს ფერმერებისგან შევისყიდით. 2020 წელს 800 ტონამდე ყურძნის გადამუშავებას ვგეგმავთ.“ - აღნიშნა „შუხმან ვაინის“ გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა.



ცნობისთვის: ღვინის ეროვნული სააგენტოს 14 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 40 ათას ტონამდე ყურძენი. საიდანაც, 28 ათასი ტონა რქაწითელი, 8 ათასი ტონა საფერავი, 1,3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი 8-9 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია.

ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 40-მდე დიდი და საშუალო ღვინის კომპანია. მიმდინარე წელს კახეთში ყურძნის საპროგნოზო მაჩვენებელი 300 ათასი ტონის ფარგლებშია.



ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 235 კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართული იყო 67 ღვინის საწარმო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები