მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რა მომყავს? სად მაქვს გაყიდვის შანსი?" - გიორგი გუდაბანძის რჩევები ექსპორტიორებს

მოცვი

აგროკომპანია “მკისა” ადგილობრივი ბაზრის ათვისების შემდეგ ექსპორტის გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ BMGTV-ის ეთერში კომპანიის კომერციულმა დირექტორმა გიორგი გუდაბანძემ ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ის საქართველოს ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელიც არის და "წერტილთან" ინტერვიუში აქცენტი გააკეთა იმ ფაქტორებზე, რაც აგროპროდუქციის საექსპორტო წარმატებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მისი აზრით, პირველ რიგში, ადგილობრივი ბაზრის ათვისებაა საჭირო.

"საქართველოში წარმოებული პროდუქტი, მიუხედავად იმისა, რომ ის ექსპორტზეა ორიენტირებული, აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს ბაზარზეც წარმოდგენილი და ადგილობრივი მომხმარებელი უნდა იცნობდეს მას. მხოლოდ საექსპორტო ბაზრებზე ორიენტირება არ მიმაჩნია სწორად. შესაძლოა, რიცხვები, რომლებსაც ადგილობრივი ბაზარი გვთავაზობს, არ იყოს ისეთი მიმზიდველი, მაგრამ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს არჩევანი, იყიდოს და დააგემოვნოს შენი პროდუქცია - სწორედ ესაა ბიზნესის პოპულარიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.

ევროპის ნებისმიერ საცალო ქსელში, მაგალითად, Lidl-ში რომ მინდოდეს ჩემი პროდუქტის განთავსება, ძალიან ლოგიკური მგონია, რომ მათმა მენეჯმენტმა შეამოწმოს და მკითხოს, არის თუ არა ჩემი პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი და, თუ ჩემი პასუხი არის “არა”, ეს ჩემს რეპუტაციაზე, არ მგონია, კარგად აისახოს”, - აღნიშნავს გიორგი გუდაბანძე.

გარდა ამისა, ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელს სხვა რჩევებიც აქვს.

“პირველ რიგში, ეს წარმოების სწავლაა. უნდა გვესმოდეს, როგორ ავითვისოთ ჩვენი წარმადობა სრულად და ეფექტიანად. მაგალითად, როდესაც ლურჯი მოცვის ბაღების გაშენება დავიწყეთ საქართველოში, მოლოდინები გადაჭარბებული იყო. ერთ ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობა, არ მგონია, რომ მაღალია და ეს ყველაფერი აგრონომიულ ცოდნას საჭიროებს, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ წარმადობა, რისი შანსიც გვაქვს.

მეორე რიგში, აუცილებელია სწორი სტრატეგიული დაგეგმარება. რა მომყავს? სად მაქვს მისი გაყიდვის შანსი? - ნუშის მიმართულება რომ ავიღოთ, თუ ჩემს სამიზნე ბაზრად ესპანეთი მაქვს იდენტიფიცირებული, უკვე შეცდომას ვუშვებ, რადგან იქ კონკურენტული არ ვარ და უკვე შუა პროცესში მიწევს სხვა ბაზარზე გადაწყობა”, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები