მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის გაზი მიიღო საქართველომ სამხრეთ კავკასიური გაზსადენიდან?

647dad019570f
მარიამ ვარადაშვილი
05.06.23 14:00
1606

სემეკის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოსთვის აზერბაიჯანი ბუნებრივი გაზის მიღების მთავარ წყაროდ რჩება და ქვეყნის მოხმარების 83%-ს ფარავს.

საქართველო ასევე ახორციელებს ბუნებრივი გაზის ტრანზიტს რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით, რომელიც 2022 წელს 6 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა გასული წლის მაჩვენებელს.

2022 წელს საქართველოს ბუნებრივ გაზზე მოთხოვნამ 2 998 მლნ კუბ.მ შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება. სულ იმპორტით დაკმაყოფილდა ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.5%, დანარჩენი კი – ადგილობრივი მოპოვებით. საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზარზე ბუნებრივი გაზის განთავსება (იმპორტი და ადგილობრივი წარმოება) მოახდინა სულ სამმა მიმწოდებელმა [„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, შპს „ბაგო“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“].

საქართველოში გაზის ტრანზიტი ხორციელდება ორი გაზსადენით - სამხრეთ-კავკასიური (SCP) და ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენებით (NSGP).

სამხრეთ-კავკასიური მაგისტრალური გაზსადენით, რომელიც ცნობილია როგორც ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ხდება შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზის ტრანზიტი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით. გაზსადენის სიგრძე 692 კმ, საქართველოს მონაკვეთის სიგრძე კი - 249 კმ-ია. გასულ წელს საქართველომ გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ [დამატებითი და ოფციური] 1 146 მლნ კუბური მეტრის მოცულობის გაზი მიიღო, რაც 2021 წელთან შედარებით 120 მლნ კუბური მეტრით არის გაზრდილი. 2022 წელს აზერბაიჯანიდან ქვეყანამ ჯამში 1 411 მლნ კუბური მეტრის მოცულობის გაზი მიიღო, რაც თითქმის 25%-ით აღემატება წინა წილის მაჩვენებელს, აქედან 1 146 მლნ კუბური მეტრი გატარების სანაცვლოდ არის.

სამხრეთ-კავკასიური მილსადენიდან საქართველო შეღავათიან ფასად იძენს ე.წ. სოციალურ გაზს, რომელსაც გამოიყენებს მოსახლეობისა და თბოსადგურების ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფისთვის. შესაბამისად, ამ სეგმენტში ბუნებრივი გაზის როგორც საბითუმო, ისე საცალო ფასები მნიშვნელოვნად დაბალია კომერციულ სეგმენტთან შედარებით. საბითუმო დონეზე სოციალური გაზის ფასის შეფასება შესაძლებელია კომისიის მიერ სამომხმარებლო ტარიფის დადგენისას გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის ფასის მეშვეობით, რომელიც მთავრობის სხვადასხვა დონის სუბსიდირების გათვალისწინებით საშუალოდ 0.30 თეთრი/კუბ.მ-ს შეადგენს.

გაზის მიღების კიდევ ერთ წყაროს რუსეთს რაც შეეხება, 123 მლნ კუბური მეტრით [31%] არის გაზრდილი რუსეთისგან შესყიდული გაზის მოცულობა და 520 მლნ კუბურ მეტრს აღწევს. სემეკის ანგარიშის თანახმად, 2022 წელს კვლავ გრძელდებოდა ახალი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირების პროცესი, რის შედეგადაც საცალო მომხმარებელთა რაოდენობამ 1,488,014 შეადგინა. 2022 წელს სექტორს დაემატა 43,398 ახალი მომხმარებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები