თურქეთის ენერგეტიკული ბაზარი ყოველწლიურად დეფიციტურია, რის გამოც ქვეყანა ყოველწლიურად მილიარდობით კილოვატ ელექტროენერგიას ყიდულობს.
2023 წლის 11 თვეში თურქეთმა საქართველოდან რეკორდული 1.3 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა (წლიური ზრდა 51%), რაშიც ქვეყანამ 94 მილიონი დოლარი გადაიხადა. თურქეთში დენის ექსპორტის საშუალო ტარიფი 7.2 აშშ ცენტი იყო.
საქართველოს ენერგეტიკული სისტემის - მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მეშვეობით თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტს ახორციელებენ რუსეთი; აზერბაიჯანი და სომხეთი. შესაბამისად, ამ მხრივ საქართველო მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციას ასრულებს.
2023 წლის 11 თვეში ელექტროენერგიის ტრანზიტმა რეკორდულ მოცულობას 2.95 მილიარდ კილოვატ საათს მიაღწია. ეს 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 315 მილიონი კილოვატ საათით, ანუ 12%-ით მეტია. 2021 წელთან შედარებით კი ტრანზიტის მოცულობა გასამმაგებულია.
საქართველოს გავლით თურქეთში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობები 2023 წელს:
- ტრანზიტი აზერბაიჯანიდან - 2.61 მილიარდი კილოვატ საათი;
- ტრანზიტი რუსეთიდან - 194 მილიონი კილოვატ საათი;
- ტრანზიტი სომხეთიდან - 145 მილიონი კილოვატ საათი.
ექსპორტი საქართველოდან თურქეთში - 1.30 მილიარდი კილოვატ საათი.