2025 წლის თებერვალში საქართველოს ოფიციალური საერთაშორისო სარეზერვო აქტივები 202 მილიონი დოლარით შემცირდა და 4.23 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ შემცირებაზე კომენტარი გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, რომელმაც აღნიშნა რომ თავად ეროვნულ ბანკს იანვარსა და თებერვალში სავალუტო ბაზარზე ინტერვენციები არ განუხორციელებია, ხოლო რეზერვებზე სებ-ის საქმიანობის გარდა გავლენა აქვს საქართველოს მთავრობასაც, რადგანაც საგარეო ვალის მომსახურება სწორედ სავალუტო რეზერვებიდან ხორციელდება.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ინფორმაციით, 2025 წლის 1 იანვრიდან 11 მარტის ჩათვლით ცენტრალური მთავრობის საგარეო ვალების მომსახურებაზე 359 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც დაახლოებით 127 მილიონი დოლარია.
თუმცა, ცენტრალური მთავრობის გარდა, სახელმწიფო კომპანიების საქმიანობასაც აქვს გავლენა სავალუტო რეზერვებზე და მათ მიერ საგარეო ვალების მომსახურებასაც შეეძლო რეზერვებზე მოეხდინა გავლენა. ამ სექტორის ვალების მომსახურების დეტალური სტატისტიკა ამ დროისთვის ხელმისაწვდომი არაა.
2025 წლის განმავლობაში მთავრობა საგარეო ვალების მომსახურებაზე 2.2 მილიარდ ლარს დახარჯავს, რაც 783 მილიონი დოლარის ტოლია.




























