მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოთხოვნები აქვთ რუსთავის მეტალურგიულის გაფიცულ თანამშრომლებს და რას პასუხობს კომპანია?

62c40680c6c12
ვიქტორია მღებრიშვილი
05.07.22 13:43
958
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სორტული საამქროს 130 თანამშრომელი ხელფასების 30%-ით მომატების მოთხოვნით გაფიცულია.

როგორც BM.GE-სთან პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა, ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური პირობებისა და მაღალი ინფლაციის პირობებში დასაქმებულები ხელფასების მატებას ითხოვენ. პროფკავშირების წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ გაფიცვა მეორე დღეა მიმდინარეობს და მისი გამართვის მიზეზი კომპანიის მხრიდან თანამშრომლების პოზიციის გაუზიარებლობაა.

„ეს არის კომპანია, რომელიც კოლექტიურ მოლაპარაკებებს და სოციალური პარტნიორობის ევროპულ სტანდარტებს მნიშვნელობას არ ანიჭებს ანუ არ თვლის, რომ დასაქმებულები მოლაპარაკების პროცესში წარმომადგენლობის პრინციპით ჩართულნი უნდა იყვნენ.

2022 წლის დასაწყისიდან იმდენად მაღალი ინფლაცია ფიქსირდება ქვეყანაში, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა საგრძნობლად შემცირდა. პირველი მიზეზი, რა თქმა უნდა, ინფლაციაა, ხოლო მეორე - 2021 წლის ბოლოს კომპანიამ საწარმოში კიდევ ერთი ღუმელი დაამატა და დასაქმებულებს ხელფასის 100 ლარით გაზრდის დაპირება მისცა, რაც არ შესრულდა. გაფიცულები ივლისის თვიდან შრომით ანაზღაურების 30%-ით მომატებას ითხოვენ. პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ კომპანიასთან შეთანხმებამდე არ მივალთ. ამ ეტაპზე ქარხანა სრულად გაჩერებულია“, - განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე იმასაც აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბოლო სამი წლის განმავლობაში დასაქმებულების შრომითი ანაზღაურება 5-ჯერ გაეზარდათ, სიმართლეს არ შეესაბამება და ხელფასების ზრდა მხოლოდ 3-ჯერ მოხდა. მისი ინფორმაციით, დღეისთვის დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 900 ლარია.

თამაზ დოლაბერიძე იმასაც აღნიშნავს, რომ გუშინ კომპანიის მხრიდან მოლაპარაკების მცდელობა იყო და კომპანიამ დასაქმებულებს სექტემბერში, დეკემბერსა და 2023 წლის მარტში 50-50 ლარით მომატება შესთავაზა, რაც გაფიცულებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა.

BM.GE-მ იმის გასაგებად თუ რას აპირებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპანია „რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასაც“ მიმართა და მათგან ოფიციალური განცხადება მიიღო. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ქარხანა გამართულად მუშაობს.

„4 ივლისს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელთა ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა და ხელფასის გაზრდა მოითხოვა. კომპანიის ხელმძღვანელობა ყოველთვის გაგებით ეკიდება თანამშრომელთა მოთხოვნებს და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს მათ. ამჯერადაც, მიმდინარეობს მოლაპარაკება თანამშრომელთა ამ ჯგუფთან და იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი მუშაობას განაახლებენ. ძირითადში, ქარხანა გამართულად მუშაობს და არ ფერხდება მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ქარხნის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა 5-ჯერ განხორციელდა. ხელფასების ბოლო მატება 2022 წლის 1 იანვარს მოხდა და განახლებულ ხელშეკრულებას ყველა დასაქმებულმა პირმა მოაწერა ხელი. კომპანია, თავის მხრივ, ზედმიწევნით ასრულებს ამ ახალი შრომითი ხელშეკრულებების ვალდებულებებს. თანამშრომლებს არასოდეს დაგვიანებიათ ხელფასის ჩარიცხვა, ისინი უზრუნველყოფილნი არიან უფასო კვებით, ჯანმრთელობის დაზღვევით და მუშაობაში საჭირო სპეცტანსაცმლითა და სპეცსაშუალებებით.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მენეჯმენტი მომავალშიც აპირებს ამ ტენდენციის შენარჩუნებას და ნაბიჯ-ნაბიჯ ხელფასის გაზრდას დასაქმებულებისთვის, რის შესახებაც თანამშრომლებიც ინფორმირებულები იყვნენ კომპანიის გენერალურ დირექტორთან ბოლო შეხვედრის დროს“, - აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები