მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მსგავსებები და განსხვავებები არის 500 Global-სა და GITA-ს გრანტების პროგრამას შორის? - Arena Games-ის შეფასება

Arena Games

ქართული ტექნოლოგიური კომპანია Arena Games-ი, რომელიც ტრადიციული თამაშების დეველოპერებს ვიდეოთამაშების ბლოკჩეინზე ინტეგრაციაში ეხმარება, ერთ-ერთია იმ ოცი ქართული სტარტაპიდან, რომლებმაც “საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს” მიერ გამოცხადებულ 150,000-ლარიან თანადაფინანსების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს. ამასთან, Arena Games-ი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სტარტაპ-აქსელერატორის, კალიფორნიული 500 Global-ის ქართული პროგრამის, 500 Georgia-ს კურსდამთავრებულიცაა.

ამ მრავალმხრივი გამოცდილების შესახებ, Arena Games-ის თანადამფუძნებელმა და საოპერაციო დირექტორმა, მარი გიორგობიანმა BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში - TECH INFORM-ში ისაუბრა. როგორც ის ამბობს, Arena Games-მა არ გამოიარა ქართულის სტარტაპისთვის დამახასიათებელი ტრადიციული გზა, რომელიც ჯერ GITA-ს საგრანტო პროგრამაში გამარჯვებას, შემდეგ კი 500 Global-ში მოხვედრას გულისხმობს, რადგან ამ კომპანიის შემთხვევაში, პროცესი პირიქით წარიმართა.

“Arena Games-ში ყველაფერი განსხვავებულად დავიწყეთ. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში დიდი წვდომა გვაქვს კაპიტალზე, სტარტაპები, როგორც წესი, GITA-ში იწყებენ და შემდეგ მიდიან 500-ში, მაგრამ ჩვენ პირიქით დავიწყეთ, რადგან Arena Games-ი საკმაოდ დიდი ხანია არსებობს - ერთ წელიწადზე მეტია, რაც ამ პლატფორმის განვითარებაზე ვმუშაობთ. ამასთან, გვქონდა კარგი მეტრიკები, რის გამოც, წლის დასაწყისში 500 Global-ის სააქსელერაციო პროგრამაში მონაწილოებაზე განაცხადი შევიტანეთ.

ეს შედარებით დიდი კურსია, რა დროსაც სამთვიან აქსელერაციას და სრულყოფილად გასწავლიან, თუ როგორ უნდა მართო ბიზნესი და რას უნდა მიაქციო ყურადღება - ამ ყველაფერში მენტორები ყოველდღიურად გვეხმარებოდნენ. GITA კი - ექსპრესკურსივითაა, რა დროსაც გასწავლიან, თუ რას უნდა მიაქციო ყურადღება. იქ განვითარების უფრო ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპები მიდიან”, - განაცხადა მარი გიორგობიანმა TECH INFORM-ში სტუმრობისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები