სინგაპურის მონეტარული ორგანოს ფინტექ დირექტორის შეფასებით, საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების კუთხით დიდი პოტენციალი აქვს.
სოპნენდუ მოჰანტის თქმით, ამ პოტენციალის ასათვისებლად საქართველომ რამდენიმე მიმართულებით უნდა გადადგას ნაბიჯები, მათ შორის საგადახდო სისტემების დამატებით განვითარების ნაწილში.
სოპნენდუ მოჰანტი, რომელიც გასულ კვირას აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში იმყოფებოდა საქართველოში, “საქმის კურსთან” ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ფინტექის დარგის განვითარება საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.
- მოდით საუბარი დავიწყოთ ფინტექ ინდუსტრიაზე და მის როლზე ქვეყნის ეკონომიკაში. როგორ შეუძლია ფინანსურ ტექნოლოგიებს შეცვალოს ეკონომიკის სტრუქტურა და წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში?
- მოგესალმებით, გმადლობთ ამ შესაძლებლობისთვის. ძალიან კარგი კითხვაა. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური ტექნოლოგიები და ფინტექი მხოლოდ საგადახდო და დაკრედიტების სისტემა არაა. ფინტექი ესაა საშუალება, რომლითაც ფინანსები ციფრულადაა ინტეგრირებული რეალური ეკონომიკის ყველა სექტორში. მაგალითად, შესაძლებელი ხდება, რომ ფინანსური ტექნოლოგიები ინტეგრირდეს ჯანდაცვის სექტორში, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის დარგში. როდესაც ყველა ამ მიმართულებით ხდება ფინანსების ინტეგრირება, იცვლება ეკონომიკის სტრუქტურაც და სწორედ ესაა ციფრული ეკონომიკა.
- უშუალოდ საქართველოზეც რომ ვისაუბროთ, რამდენად მზადაა ჩვენი ქვეყანა, რომ განავითაროს ფინტექის მიმართულება და აქტიურად დანერგოს ფინანსური ტექნოლოგიები სხვადასხვა სექტორში?
- საქართველოს ფინტექ ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს, თქვენ მცირე ზომის ქვეყანა ხართ, რომელიც დიდ ეკონომიკურ, შუა დერეფანშია განთავსებული და სწორედ ეს მდებარეობა განსაზღვრავს თქვენს მნიშვნელოვან როლს ფინტექის მიმართულებით. ვფიქრობ, საქართველოს ნამდვილად შეუძლია რეგიონში ფინტექჰაბის ფუნქციის შესრულება. თქვენ შეგიძლიათ რომ ფინტექი არაერთ მიმართულებაში დააინტეგრიროთ, როგორიცაა მაგალითად, ლოგისტიკა, ვაჭრობა. ასევე საქართველოში ტექნოლოგიური უნარების მქონე ბევრი ადამიანია. ამასთან, ვხედავ, რომ საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ ღიაა, აქტიურად დანერგოს ფინტექტექნოლოგიები სხვადასხვა სექტორში. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ფინანსური ტექნოლოგიები ახალი ტიპის სამუშაო ადგილებს აჩენს. ასევე ფინტექს ბაზარზე შემოაქვს მეტი ეფექტურობა, რადგან იძლევა შესაძლებლობას, რომ მაგალითად ტვირთების მოძრაობა უფრო სწრაფი იყოს, გადახდები უფრო მოქნილი გახდეს, მეტი ფინანსური რესურსი მიეწოდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს და მთლიანობაში ქვეყნის პროდუქტიულობა გაზარდოს.
- რაც შეეხება ფინტექ დარგის რეგულირებას, როგორც ვიცით, სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული მიდგომები აქვს ამ მიმართულებით - არის ქვეყნები, სადაც მკაცრადაა ეს სფერო რეგულირებული, ასევე არსებობს მოდელები, სადაც მეტი აქცენტი საბაზრო პრინციპებზე კეთდება. თქვენი აზრით, რომელ მიდგომაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო?
- როდესაც ფინტექის რეგულირებაზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს, რომ გლობალურად არის ტენდენცია, რომ რეგულატორები რისკზე დაფუძნებულ რეგულირების პოლიტიკაზე გადადიან, რაც გულისხმობს იმას რომ კონკრეტული რისკისთვის კონკრეტული რეგულაცია შეიძლება იყოს განკუთვნილი. მსგავსი შედარებით რბილი მიდგომა უზრუნველყოფს, რომ ინოვაციები და სტარტაპები სწრაფად განვითარდნენ. რაც შეეხება საბაზრო პრინციპებს, ბუნებრივია, თავად დარგის წარმომადგენლების ინტერესია, რომ რაც შეიძლება მეტი ხელშეწყობა ჰქონდეს ბაზარს. მთავარია, რომ რეგულატორებმა ამ მიმართულებით დაბალანსებული მიდგომა შეიმუშაონ. რეგულატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ბაზარი ზედმეტად მკაცრ ჩარჩოებში არ მოაქციონ, თუმცა ასევე გარკვეული წესები უნდა არსებობდეს. ამ დარგში ისეთი ბაზისური წესები არსებობს როგორიცაა მომხმარებლების დაცვა, ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულებით ზომები. თუკი ეს ყველაფერი დაბალანსებული იქნება, შემდეგ მარტივად შეძლებენ ფინტეკკომპანიები სწორი გზის მონახვას
- თქვენი აზრით, ფინტექის რომელი კონკრეტული მიმართულებები შეიძლება განვითარდეს საქართველოში ყველაზე მარტივად, რა იქნება ამ მიმართულებით თქვენი რეკომენდაციები?
- საქართველოსთვის ფინტექინდუსტრიის განვითარების მიმართულებით სამი ძირითადი რეკომენდაცია მექნება. პირველი - შექმენით სანდო ციფრული იდენტობის ინფრასტრუქტურა, რადგან ციფრულ სამყაროში აუცილებელია ამ მიმართულების განვითარება. მეორე - ესაა უნივერსალური საგადახდო სისტემა არამხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ საერთაშორისო დონეზე, სადაც ბანკები და არასაბანკო ინსტიტუტები ერთმანეთს მარტივად დაუკავშირდებიან. ეს მოგცემთ ტრანზაქციების შეუფერხებლად განხორციელების საშუალებას. მესამე - ესაა სანდო, დამოწმებული, ვერიფიცირებული მონაცემების სისტემა მოქალაქეებისა და იურიდიული პირების შესახებ, ეს გამჭვირვალობას გაზრდის და მეტ შესაძლებლობას გააჩენს მათ შორის დაკრედიტებისას და ზოგადად ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აქტივობას
- როგორც ვიცით, მომავალ წელს საქართველო მასშტაბურ ფინტექ ფესტივალს უმასპინძლებს. რა შესაძლებლობას მისცემს ეს ღონისძიება ჩვენს ქვეყანას ამ ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით?
- მოხარული ვარ, რომ მომავალ წელს საქართველო ამ ღონისძიებას უმასპინძლებს. რატომაა ეს ფესტივალი ასეთი მნიშვნელოვანი - სწორედ ეს კონფერენცია იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რომელმაც სინგაპურს საშუალება მისცა, რეგიონული ჰაბი გამხდარიყო. ეს ფესტივალი ერთ ადგილას უყრის თავს ფინტექის ინდუსტრიაში მომუშავე საზოგადოებას და აერთიანებს ისეთ საკითხებს როგორიცაა ამ დარგში არსებული სიახლეები, რეგულატორების მიდგომები და პოლიტიკა. საქართველოში ამ ფესტივალის ჩატარება თქვენს ქვეყანას ფოკუსში მოაქცევს და წარმოაჩენს როგორც ფინტექის ჰაბს შუა დერეფანში. სინგაპურში ამ ღონისძიებას 6000 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო და მნიშვნელოვანი კატალიზატორი გახდა ჩვენი ფინტექდარგის განვითარებისთვის. ველოდებით, რომ საქართველოში ამ ფესტივალის ჩატარებას თქვენს ქვეყანაზეც დროთა განმავლობაში იგივე გავლენა ექნება. ახლა საკუთარი თვალით ვნახე საქართველო და ის პროცესები, რაც თქვენს ქვეყანაში ფინტექის მიმართულებით ვითარდება და თავად დავრწმუნდი, რომ საქართველო ნამდვილად კარგი ადგილია ამ ფესტივალის ჩასატარებლად.