მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიმონას კრეპშტა - საქართველო მიისწრაფვის დიდ წარმატებას მიაღწიოს ფინტექის სფეროში

ლიეტუვა

მისასალმებელია, რომ საქართველოს აქვს მიზანი და მისწრაფება, დიდ წარმატებას მიაღწიოს ფინტექის სფეროში, მეტი კომპანია ჰყავდეს და მეტი მომსახურება შესთავაზოს მომხმარებლებს, - აღნიშნა ლიეტუვას ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრმა სიმონას კრეპშტამ, რომელიც აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - "იდეები კოლაბორაციული ფინტექ გარემოს შესაქმნელად რეგიონში: შუა კორიდორის მომენტუმის გამოყენება" მონაწილეობდა.

პანელური დისკუსიის მთავარი მომხსენებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა იყო. დისკუსიის ფარგლებში განიხილეს ფინტექის განვითარების და საერთაშორისო გადახდების მხარდასაჭერი ინიციატივები, ასევე გააზიარეს სხვადასხვა რეგიონის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

სიმონას კრეპშტას განცხადებით, ფინტექის სფეროში მსოფლიოში დიდი აქტივობა შეინიშნება, მომავალი წლიდან კრიპტოსექტორი დარეგულირდება, გააქტიურებულია ხელოვნური ინტელექტის საკითხი, რასაც ფინანსური ტექნოლოგიის მიმართულებით მომუშავე კომპანიები აქტიურად ითვისებენ. ახალი რეგულაციები და მიდგომები კი ევროპასა და სხვა ქვეყნებში მეტი მყისიერი გადახდის დანერგვის წინაპირობაა.

„პანელურ დისკუსიაზე კარგი შესაძლებლობა გვქონდა გლობალურ ფინტექ ეკოსისტემაში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრა და გამოცდილება გაგვეზიარებინა. საქართველოს და ლიეტუვას მსგავს პატარა ქვეყნებს ბევრი საერთო, დიდი იმედები და თავდადება გვაქვს უკეთესი ფინანსური ინსტიტუტები გვქონდეს“, - განაცხადა სიმონას კრეპშტამ.

პანელური დისკუსიის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ლიეტუვის ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკების ურთიერთთანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო, ერთობლივ აქტივობებზე იმსჯელეს.

ლიეტუვა ევროკავშირში ერთ-ერთი მთავარი ფინტექ ჰაბია. მას ყველაზე მეტი ფინტექ კომპანია ჰყავს ლიცენზირებული ისეთ ქვეყნებთან შედარებით, როგორიც არის გერმანია, ნიდერლანდები და სხვა დიდი სახელმწიფოები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები