სინგაპურის მონეტარული ორგანოს ფინტექ დირექტორის შეფასებით, საქართველოს შეუძლია, რეგიონში ფინტექ ჰაბის ფუნქცია შეასრულოს.
სოპნენდუ მოჰანტი, რომელიც გასულ კვირას აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა, “საქმის კურსთან” ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების კუთხით დიდი პოტენციალი აქვს.
მისი შეფასებით, ამ პოტენციალის ასათვისებლად საქართველომ რამდენიმე მიმართულებით უნდა გადადგას ნაბიჯები, მათ შორის საგადახდო სისტემების დამატებით განვითარების ნაწილში.
მისივე თქმით, საქართველოში ფინტექ ინდუსტრიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მასშტაბური ფინტექ ფესტივალი, რომელიც მომავალ წელს თბილისში გაიმართება.
“საქართველოს ფინტექ ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. თქვენ მცირე ზომის ქვეყანა ხართ, რომელიც დიდ ეკონომიკურ, შუა დერეფანშია განთავსებული და სწორედ ეს მდებარეობა განსაზღვრავს თქვენს მნიშვნელოვან როლს ფინტექის მიმართულებით. ვფიქრობ, საქართველოს ნამდვილად შეუძლია რეგიონში ფინტექ ჰაბის ფუნქციის შესრულება. თქვენ შეგიძლიათ რომ ფინტექი არაერთ მიმართულებაში დააინტეგრიროთ, როგორიცაა მაგალითად, ლოგისტიკა, ვაჭრობა. ასევე საქართველოში ტექნოლოგიური უნარების მქონე ბევრი ადამიანია. ამასთან, ვხედავ, რომ საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ ღიაა, აქტიურად დანერგოს ფინტექ ტექნოლოგიები სხვადასხვა სექტორში.
მოხარული ვარ, რომ მომავალ წელს საქართველო ფინტექ ფესტივალს უმასპინძლებს. რატომაა ეს ფესტივალი ასეთი მნიშვნელოვანი - სწორედ ეს კონფერენცია იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რომელმაც სინგაპურს საშუალება მისცა, რეგიონული ჰაბი გამხდარიყო. ეს ფესტივალი ერთ ადგილას უყრის თავს ფინტექის ინდუსტრიაში მომუშავე საზოგადოებას და აერთიანებს ისეთ საკითხებს როგორიცაა ამ დარგში არსებული სიახლეები, რეგულატორების მიდგომები და პოლიტიკა. საქართველოში ამ ფესტივალის ჩატარება თქვენს ქვეყანას ფოკუსში მოაქცევს და წარმოაჩენს როგორც ფინტექის ჰაბს შუა დერეფანში”, - განაცხადა სოპნენდუ მოჰანტიმ.
ცნობისთვის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას საქართველო 2-5 მაისს მასპინძლობდა. მის ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად ისეთი თემები განიხილებოდა როგორიცაა ფინანსური ტექნოლოგიები და რეგიონული ფინანსური ინფრასტრუქტურა.