მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ოდენობის სასუქი შემოგვაქვს ქვეყანაში, რომლის ფასების შესწავლასაც აპირებს მთავრობა

სასუქი

სურსათის, მედიკამენტების და საწვავის შემდეგ, მთავრობა პესტიციდების ფასის შესწავლასაც იწყებს. ამის შესახებ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.

bm.ge დაინტერესდა, როგორია იმპორტის სტატისტიკა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში მინერალური ან ქიმიური აზოტოვანი სასუქების იმპორტი მზარდია. 2025 წელს, იმპორტი მოცულობაში წლიურად 18%-ით შემცირდა. ქვეყანაში 26 102 ტონა ($9.6 მილიონის) პროდუქტი შემოვიდა.

სასუქების იმპორტი რეკორდული მოცულობის 2024 წელს იყო, როდესაც ქვეყანამ 31 951 ტონა ($10.8 მილიონის) პროდუქტი იყიდა. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ქვეყანას სასუქის იმპორტი გაუიაფდა, რადგან 2023 წელს ნაკლებ მოცულობაში - 26 449 ტონაში, შედარებით მეტი - $11.2 მლნ იყო გადახდილი.

რაც შეეხება ძირითად საიმპორტო ბაზრებს, მთლიანი იმპორტის 60% ერთ ქვეყანაზე, რუსეთზე მოდის.

2025 წლის მონაცემებით, სასუქების TOP-5 საიმპორტო პარტნიორი ასეთია:

  • რუსეთი - 15 606 ტონა/$4.6 მლნ;
  • უზბეკეთი - 2 551 ტონა/$989 ათასი;
  • თურქმენეთი - 2 100 ტონა/$848 ათასი;
  • თურქეთი - 2 025 ტონა/$1.2 მლნ;
  • აზერბაიჯანი - 1 440 ტონა/$566 ათასი.

სასუქების ექსპორტი

აზოტოვანი სასუქები ქვეყნის 10 მთავარ საექსპორტო საქონელს შორისაა. 2025 წელს მეათე ადგილზე იყო, მთლიან ექსპორტში 1.8%-იანი წილით. ექსპორტი წლის ჭრილში 11.1%-ით გაიზარდა და 132 მლნ დოლარს გადააჭარბა (423 664 ტონა).

TOP 5 საექსპორტო ბაზარი 2025 წელს ასე გამოიყურებოდა:

  • რუმინეთი - 114 341 ტონა/$34.2 მლნ;
  • ესპანეთი - 45 268 ტონა/$13.1 მლნ;
  • ტანზანია - 31 800 ტონა/$10.6 მლნ;
  • ლიტვა - 28 600 ტონა/$8.2 მლნ;
  • ინდოეთი - 28 440 ტონა/$8.4 მლნ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) გასულ წელს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო, რომლის მიზანია - კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზი. ჯერჯერობით მონიტორინგი მიმდინარეა.

ცნობისთვის, გასული წლის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებული იყო სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული 1000-ზე მეტი დასახელების პესტიციდი და 1450-მდე დასახელების აგროქიმიკატი (სასუქი), რომელთა საქართველოში იმპორტს ახორციელებდა 60-ზე მეტი ადგილობრივი კომპანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები