PMCG-ის ანალიტიკოსის, გოჩა ქარდავას განმარტებით, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის რაოდენობის შემცირება მთავრობის ისეთი პოლიტიკითაა განპირობებული, რომელსაც მოკლევადიანი ეფექტი აქვს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი - არაეფექტიანია. ამის შესახებ ქარდავამ BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" სტუმრობისას ისაუბრა.
"აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა 20%-დან 12%-მდე შემცირდა, რაც საკმაოდ დიდი ცვლილებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, რა ფაქტორები იდგა ამ ცვლილების მიღმა. როგორც შემოსავლის სტრუქტურის ანალიზმა აჩვენა, მთავარი ფაქტორი, რამაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ნაწილის ზღვარს ზემოთ გადაიყვანა, იყო სოციალური ტრანსფერები - სოციალური შემწეობის მიმღებთა გაზრდილი რაოდენობა, თავად შემწეობის მოცულობის ზრდა და ასევე საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამა.
მოკლევადიან პერიოდში თუ განვიხილავთ, ეს ერთ-ერთი კარგი გამოსავალია იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ შემოსავალი, გაუჩნდეთ ეს შემოსავალი და შეძლონ არსებობა. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არ არის ის, რისი მიღწევაც გვინდა. ამ ეტაპზე [მოქმედი პოლიტიკა] გულისხმობს იმას, რომ მოსახლეობის ერთი ნაწილი ეკონომიკურად აქტიურია, იხდიან გადასახადებს და შემდეგ სახელმწიფო ამ გადასახადებს უნაწილებს ხალხს", - ამბობს გოჩა ქარდავა.
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ სიღარიბის გრძელვადიან პერსპექტივაში დაძლევა და მისი აღმოფხვრა მხოლოდ სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის ზრდითაა შესაძლებელი.
"თუ ჩვენ ამას [სახელმწიფო დასაქმების პროგრამას] გრძელვადიანი განვითარების კონტექსტში განვიხილავთ, რა თქმა უნდა, არ არის ოპტიმალური გამოსავალი, ვინაიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების გაძლიერება შესაძლებელია მხოლოდ დასაქმების და შემოსავლის ზრდით. დასაქმების პროგრამაში, მაქსიმალური შემოსავალი შეიძლება იყოს 300 ლარი, რაც ვიღაცას დაეხმარება, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღარ იყოს, მაგრამ მათი გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის ეს არ არის ჩვენი მიზანი.
თუ ვსაუბრობთ, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანები გახდნენ ეკონომიკურად აქტიურები და მიიღონ მაღალი შემოსავალი, გახდნენ გადასახადის გადამხდელები, რომელსაც სახელმწიფო ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებაზე დახარჯავს, ამას ეს ნამდვილად არ ემსახურება. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მოკლევადიან კონტექსტში ეს არის ყველაზე სწრაფი და ეფექტური მიდგომა. მთავარია ვიცოდეთ, რა არის სახელმწიფოს გრძელვადიანი გეგმა, როგორ აპირებს ეს ადამიანები ეკონომიკურად ძლიერები გავხადოთ", - განმარტავს PMCG-ის ანალიტიკოსი.
გასულ კვირას PMCG-ის კვლევითმა ცენტრმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოში შინამეურნეობების შემოსავლები და სიღარიბეა გაანალიზებული. კვლევის თანახმად, 2019-2023 წლებში შინამეურნეობების შემოსავლის საშუალო წლიური ზრდა 11% იყო, თუმცა თუ ამ რიცხვებს ინფლაციას მოვარგებთ, რეალური ზრდა მხოლოდ 4%-ია. კვლევაში განხილულია, რომ 4-წლიან პერიოდში დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობების წილი, ისევე როგორც აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი, შემცირდა.