მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პოტენციალი აქვს ქართულ ღვინოს აშშ-ის ბაზარზე - Hereti Global-ის დამფუძნებელი

5f81b971926dc
ვიქტორია მღებრიშვილი
10.10.20 19:00
1632
აშშ-ში ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანია Hereti Global-ის დამფუძნებელი ავთანდილ ჩხეიძე მიიჩნევს, ამერიკაში ბაზრის ათვისების მხრივ ქართულ ღვინოს დიდი შესაძლებელობები აქვს.

„იმისთვის რომ ბაზარზე იყოს მოთხოვნა ქართულ ღვინოზე, აუცილებელია, ადგილობრივები იცნობდნენ მას. 2019 წელს აშშ-ში 68 მლრდ დოლარის ღვინო გაიყიდა, აქედან იმპორტირებული მხოლოდ 38%-ია, დანარჩენი, ძირითადად კალიფორნიის და ვაშინგტონის შტატების ღვინოებია. გასულ წელს საქართველოდან აშშ-ში 28 კონტეინერი ღვინო შემოვიდა, რაც, დაახლოებით, 4 მლნ დოლარის ღირებულებისაა. ამ ბაზარს გაცილებით მეტი ღვინის შესყიდვა შეუძლია, მაგრამ ბოლო 20 წლის განმავლობაში ვერცერთი მხრიდან ვერ დავინახე სწორი სტრატეგიული გეგმა - იქნება ეს კერძო სექტორი თუ - სახელმწიფო. მთლიანად ბაზარი აუთვისებელია და ვიღაცამ თუ არ დაიწყო რაღაც და არ შექმნა, მხოლოდ სახელმწიფო ღვინის სააგენტო ამას ვერ უშველის“, - აცხადებს ავთანდილ ჩხეიძე. 

მისი ინფორმაციით, 2019 წელს ამერიკაში ქართული ღვინის მოცულობა ბაზრის 0.04% იყო, შესაბამისად, იმისთვის, რომ ღვინომ შეძლოს ამ დიდი ბაზრის ათვისება, სტრატეგიული გეგმის შემუშავებაა საჭირო. ამ კუთხით ბიზნესმენი კერძო კომპანიების და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს.

ბიზნესმენი თვლის, რომ ღვინის პოპულარიზაციისთვის სერიოზული ფინანსური რესურსია საჭირო, რომელიც ცალკე აღებულ კერძო სექტორს ან სახელმწიფოს არ აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ საქართველოს აშშ-ის ბაზარზე ღვინის პოპულარიზაციისთვის უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ახლა აკეთებს.

„სახელმწიფო რასაც აკეთებს, ეს არის ზღვაში წვეთი და ამით ღვინის პოპულარიზაციას ვერ შეძლებ. მხოლოდ ჩამოსვლა და შოუს მოწყობა არ შველის, როგორც ეს პანდემიამდე ხდებოდა. უნდა იყოს მუდმივი რეკლამები, რისთვისაც საჭიროა ფინანსები. სახელმწიფოს კი, უბრალოდ გამოყოფილი აქვს რაღაც თანხა, რომელიც მარკეტინგზე იხარჯება და არაფერი კეთდება, თუმცა სახელმწიფოს მხარდაჭერა კარგი და აუცილებელია. აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციების გაძლიერებისთვის და ადგილის დამკვიდრებისთვის საჭიროა ბაზრის სპეციფიკის ცოდნაც. კერძო კომპანიებს მარკეტინგისთვის საკმარისი რესურსები არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩვენ ვიცით, ბაზრის სპეციფიკა და თუ გვინდა მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი ბაზრის ათვისება, რომელიც ფაქტობრივად ცარიელია, კერძო სექტორის და სახელმწიფოს თანამშრლომლობა უნდა შედგეს, რათა ქართული ღვინის პოპულარიზაციის ერთიანი სტრატეგიული გეგმა ჩამოყალიბდეს“, - აცხადებს ავთანდილ ჩხეიძე.

შეგახსენებთ: Hereti Global-მა აშშ-ში ქართული ღვინო მიმდინარე წლის სექტემბერში გაიტანა და კომპანიის გეგმებს - თავდაპირველად ნიუ-იორკის შტატის სრულად ათვისება, შემდეგ კი სხვა შტატებში ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები