მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პოტენციალი აქვს კაკლოვან კულტურებს მსოფლიო ბაზარზე?

კაკლეული კულტურა

“ნათს ინქორფორეითიდის“ დამფუძნებელმა თორნიკე ლათათიამ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ კაკლოვანი კულტურების მოსავლიანობასა და პოტენციალზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, წლევანდელი მოსავალი, გასული წლის მონაცემებთან შედარებით 10-15%-იან ზრდას აჩვენებს. ამასთან, მზარდია პროდუქციის ფასიც და სავარაუდოა, რომ თხილის ფასი 10%-მდე ზრდას აჩვენებს.

„წლევანდელი წელი საკმაოდ კარგი იყო. თხილის მოსავალზე შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით 10-15%-იან ზრდას ველოდებით. ასევე საფასო კატეგორიაშიც, 7-10%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

ევროპის მთლიანი ტერიტორია ქართული თხილით იფარება. „ფერერო“ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რადგან ქართული მოსავლის 10% შარშან „ფერერომ“ შეისყიდა. ანუ, სადღაც 40000 ტონა მოსავლიდან, 4000 ტონა კომპანიამ შეისყიდა, რომელსაც პირდაპირ მაგალითად, ნუთელაში გამოიყენებს.

ქართული თხილის მოსავალის დაახლოებით 26%, გასული წლის მაჩვენებლებით გერმანიაში, ცენტრალურ ევროპასა და იტალიაში გავიდა. ამასთან, „ფერეროს“ ნაწილი დაემატა. შარშან, ჩვენი ძირითადი პარტნიორები ევროპის ქვეყნები იყვნენ და ვფიქრობ, რომ მოხმარება სრულად მიდიოდა საკონდიტრო ნაწილში ან შოკოლადის ქარხნებში. ვფიქრობთ, რომ თხილი არის ის კულტურა და გაკვალული გზა, რომელსაც უნდა მიებას სხვა კაკლოვანი კულტურები, როგორიცაა ნუში, კაკალი. რადგან მონათესავე და ხშირ შემთხვევაში ჩამნაცვლებელი პროდუქტებია.

თხილის ნაწილში ჩვენი კონკურენტი თურქები არიან, რომლებიც მთლიანი წარმოების 72% -ს აწარმოებენ, თუმცა ქართული თხილი უკვე დალისტულია მსოფლიო რუკაზე. მეოთხე ვართ წარმოების ნაწილში. თურქეთი ადგენს ფასს ბაზარზე, თუმცა ხშირი ვაჭრობა გვაძლევს საშუალებას, რომ უკვე საფასო ნაწილიც გაიზარდოს, შესაბამისად ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ“,-აცხადებს ლათათია.

რაც შეეხება ნუშს, მისივე ცნობით კრეფა აქტიურ ფაზაშია და დაახლოებით 2-3 კვირაში უნდა დასრულდეს. შარშან ნუშის იმპორტი გაიზარდა, თითქმის 1800 ტონა იყო, თუმცა ამ 1800 ტონიდან, თითქმის 900 ტონა რეექსპორტს მოხმარდა. გადავიდა ყაზახეთში, სომხეთში და ა.შ.

„შარშან, დაახლოებით 2000 ტონა გაუტეხელ ნუშს ველოდით, წელს მოლოდინია, რომ 4500 ტონა იქნება. თუმცა, დაახლოებით 1 თვეში ასოციაცია ზუსტ ციფრებს დადებს, თუ რა მოსავალი მივიღეთ.

ნუშის შემთხვევაში, ძალიან კარგი დინამიკაა. აგროტექნოლოგიური პრობლემები პრაქტიკულად გადავლახეთ. ფერმერები საექსპორტო პოტენციალის გაზრდაზე და ახალი ბაზრების მოძიებაზე მუშაობენ. შესაბამისად, წლევანდელი აგრო წელი ქვეყნისთვის საკმაოდ დამაკმაყოფილებელი იყო. ინდუსტრიაში ჩართული ყველა რგოლი ვფიქრობ, რომ კმაყოფილი უნდა იყოს“,- განაცხადა “ნათს ინქორფორეითიდის“ დამფუძნებელმა.

მისივე ცნობით, წლევანდელი საწარმოო სიმძლავრეები იმპორტის მაჩვენებლებს დაფარავს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ იმპორტირებული პროდუქცია რაღაც დოზით მაინც შენარჩუნება. ამასთან, ექსპორტის მიმართულებით, კომპანიამ გასულ წელს სატესტო რაოდენობა ყველა მიმართულებით გაგზავნა და ლათათია აღნიშნავს, რომ მოთხოვნები უკვე იგრძნობა.

როგორც TBC-ს მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი კორპორაციული ბანკირი, დავით გაბედავა ეთერში აცხადებს, დარგის მიმართ ინტერესი მზარდია და ეს ტენდენცია როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო მასშტაბით ვრცელდება.

„ზოგადად დარგის მიმართ ინტერესი სულ უფრო მზარდია. ეს ტენდენცია შეინიშნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს ქვეყანას, აქ უფრო განვითარებულია თხილი, ნუში და კაკალი. ნუში შედარებით ახალია, თუმცა გაშენებული ბაღების მოცულობით, ნუშმა ორჯერ გადაუსწრო კაკლის ბაღებს. ნუშზე მოთხოვნა მსოფლიოში გაცილებით მაღალია, ვიდრე კაკალზე.

ჩვენი მსხვილი ჯგუფი, რომლებიც კაკლოვან მეურნეობებში ჩართული არიან, წლიდან წლამდე იზრდება. ჩემი კაკლოვანი ჯგუფის აგრო პორტფელი 12 მსხვილ ჯგუფს აერთიანებს, რომელიც გაცილებით გაზრდილია, წინა წლებთან შედარებით. ბოლო სამი წლის მანძილზე, მხოლოდ კორპორაციული მიმართულებით აგრო ინდუსტრიაში დაფინანსებამ, 400 მლნ ლარი შეადგინა“,- აცხადებს გაბედავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები