ქართული კაკლის მოსავლიანობა გაიზარდა. როგორც კაკლის გადამმუშავებელი საწარმო "ანიგოზის" თანადამფუძნებელი, ანა ქევხიშვილი BMGTV-ს გადაცემაში, „საქმიანი დილა“ აცხადებს, წელს კომპანიას მოლოდინი აქვს, რომ კაკლის მოსავალი 4000 ტონას მიაღწევს.
მისივე განმარტებით, მაღალი მოსავლიანობა გამოცდილებითა და მაღალი საინვესტიციო მაჩვენებლებითაა განპირობებული, რაც ბაღების მოვლისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებების შეცვლისთვის განხორციელდა. ამასთან, წარმოების ზრდისთვის მნიშვნელოვანი როლი კლიმატურმა პირობებმაც ითამაშა.
„გასულ წელს, საშუალო მოსავალი 2500 ტონა გვქონდა, ხოლო წელს პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რომ კაკლის მოსავალი 4000 ტონას მიაღწევს. წლევანდელი წელი გაზრდილი მოცულობიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ მეტი შესაძლებლობის წელი იქნება.
ვაწარმოებთ საერთაშორისო ჯიშებს სურსათის უმაღლესი სტანდარტით. ანუ, საქართველოში წარმოებული კაკალი არის კომერციული ხარისხის და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია თავისი გემოვნული, ვიზუალური თვისებებით და ჯიშურობითაც ყველაზე მოთხოვნადია, შესაბამისად ვფიქრობთ, ექსპორტზე საქართველოს დამკვიდრების პოტენციალი, როგორც ხარისხიანი კაკლის მწარმოებლის, გვაქვს.
ვფიქრობ, წლევანდელი წელი ნამდვილად იქნება ის წელი, როდესაც ევროკავშირის ბაზარი გაიხსნება და ქართული კაკალი ბაზარზე შევა. ევროკავშირის ბაზარზე, როგორც ხარისხიანი კაკლის მწარმოებლის სტატუსი არ გვაქვს, შესაბამისად, ახალ წარმოშობას, რომელსაც ცნობადობა გაცილებით ნაკლები აქვს, ადგილის დამკვიდრება უჭირს ხოლმე, თუმცა ჩვენ გვაქვს არაერთი კონკურენტული უპირატესობა. პირველ რიგში ჩვენი გეოპოლიტიკური განლაგება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ქართული ახალი მოსავალი ევროკავშირის ბაზარზე უფრო ადრე შევიდეს, ვიდრე ამავე დროს აღებული, უფრო დიდი მწარმოებელი კალიფორნიის მოსავალი. ეს დაახლოებით 2 -კვირიანი თავისუფალი დროის შუალედია, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მოგეხსენებათ, ბაზრების დივერსიფიცირება როგორი მნიშვნელოვანია თითოეული ბიზნესისთვის, ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის და ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ“,- აცხადებს ქევხიშვილი.
"ანიგოზის" დამფუძნებლის ცნობით, ქართული კაკლის ფასი მოსავლის ზრდასთან და ხარისხის დასტაბილურებასთან ერთად, საერთაშორისო ბაზრების ფასს უახლოვდება. მისივე ცნობით, ქვეყანაში ჯერჯერობით მსხმოიარობის პიკი არ ყოფილა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ბაღი განვითარებას აგრძელებს. ამასთან, არაერთი აგრონომი აღნიშნავს იმას, რომ ქვეყანას ძალიან დიდი პოტენციალი და კლიმატური, ნიადაგური პირობები აქვს, რაც ბევრ ევროპულ ქვეყანას არ აქვს.