მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა პოზიცია აქვს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების შესაძლო აკრძალვაზე?

ნატროშვილი

მთავრობის მიერ დაანონსებული უმაღლესი განათლების რეფორმა შესაძლოა, უცხოელ სტუდენტებსაც შეეხოთ. "ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა" - ასე უყურებს "ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე უცხოელი სტუდენტების საკითხს და მიიჩნევს, რომ არარეზიდენტი სტუდენტები მხოლოდ კერძო უნივერსიტეტებს უნდა ჰყავდეთ.

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მისულმა კობახიძემ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგალითზე თქვა, რომ სახელმწიფოს დაფინანსებით შექმნილი ინფრასტრუქტურა მხოლოდ ქართველი ექიმების მომზადებას უნდა მოხმარდეს.

"უცხოელი სტუდენტები უნდა მიიღონ კერძო უნივერსიტეტებმა. ეს იქნება დანაკლისი სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, დაახლოებით 80 მილიონი იქნება დანაკლისი, საიდანაც 5 მილიონს დაიკომპენსირებს, თუმცა ქვეყანაში დარჩება ეს ფული, მაგრამ გადანაწილდება კერძო უნივერსიტეტებზე. რაც ექნება დანაკლისი სამედიცინო უნივერსიტეტს და რაც არის დასაკომპენსირებელი, ჩვენ უნდა დავაკომპენსიროთ და ამის რესურსი არსებობს", - განაცხადა კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც კობახიძემ ინტერპელაციის დროს ახსენა, დაახლოებით 3500 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. როგორც მისი რექტორი ირაკლი ნატროშვილი გვეუბნება, ყოველწლიურად მათგან შემოსავლის სახით დაახლოებით 80 მლნ ლარს იღებენ. ნატროშვილი იწონებს მთავრობის ამ ინიციატივას და ამბობს, რომ ფინანსურ დანაკლისს სახელმწიფო დააკომპენსირებს.

"ზოგადად, სამედიცინო განათლება არის ძვირად ღირებული და სამედიცინო განათლება უფრო ძვირი ღირს, ვიდრე დღეს არსებული დაფინანსება არის სახელმწიფო ვაუჩერის მიხედვით. წლების განმავლობაში ამ დანაკლისის შევსება ხდებოდა საერთაშორისო სტუდენტების ხარჯზე, რადგან საერთაშორისო სტუდენტების მიერ გადახდილი თანხა უფრო მეტი არის, ვიდრე ეს იყო სახელმწიფო ვაუჩერით გათვალისწინებული. მეორე მხრივ უნივერსიტეტების როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე აკადემიური რესურსის დიდი ნაწილი იხარჯებოდა საერთაშორისო სტუდენტების მომსახურებაზე. ეს ეხება როგორც პერსონალს, ასევე ინფრასტრუქტურას. რა თქმა უნდა, ეს თანხები უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსებას თავის თავზე იღებს და ის თანხები, რაც საჭიროა ქართველი სტუდენტების განათლებისთვის, სახელმწიფო გაიღებს... ეს არის მთავრობის გადაწყვეტილება და ჩემი აზრით, სწორია”, - ამბობს ის bmg-სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები