მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პრაქტიკულ სარგებელს მიიღებენ გადამზიდავები საქართველო-თურქეთის ციფრული სანებართვო სისტემით?

ტრანზიტი

საქართველო-თურქეთს შორის სატვირთო გადაზიდვების ციფრული სანებართვო სისტემის ამოქმედება მნიშვნელოვნად ამარტივებს კერძო სექტორისა და გადამზიდავი კომპანიების საქმიანობას, - მიიჩნევენ სატრანსპორტო გადამზიდავთა ასოციაციაში.

ირაკლი ნემსაძე განმარტავს, რომ ახალი მექანიზმი, რომელიც ორმხრივ ელექტრონულ პლატფორმაზეა დაფუძნებული, აუქმებს იმ რთულ, დროსა და რესურსებზე ორიენტირებულ ბიუროკრატიულ ჯაჭვს, რაც აქამდე არსებობდა.

რა სარგებელს მიიღებენ გადამზიდავები?

  1. ფიზიკური ბარიერების მოხსნა: გადამზიდავებს აღარ მოუწევთ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში ფიზიკურად მისვლა ნებართვის მისაღებად და მოგვიანებით, მისი გამოყენების შემდეგ, კვლავ უკან ჩასაბარებლად.

  2. დროისა და ფინანსების დაზოგვა: დისტანციური ადმინისტრირება ამცირებს ტექნიკურ შეფერხებებს და იმ დანახარჯებს, რაც დოკუმენტაციის ფიზიკურ დამუშავებასა და ტრანსპორტირებას ახლდა.

  3. უსაფრთხოება და დაზღვეული რისკები: ციფრული ფორმატი გამორიცხავს დოკუმენტის ფიზიკურად დაზიანების ან დაკარგვის რისკს, რაც აქამდე გადამზიდავებისთვის დამატებითი "თავის ტკივილი" იყო.

  4. გამჭვირვალობა: ელექტრონული სისტემა ამცირებს მანიპულაციების შესაძლებლობას

„აქამდე გადამზიდავი ფიზიკურად წარადგენდა განაცხადს, იღებდა დოკუმენტს, რომელიც მძღოლს ბორტზე უნდა ჰქონოდა და შემდეგ ისევ უკან აბარებდა სააგენტოს, რაც მომდევნო ნებართვის მიღების აუცილებელი პირობა იყო. ახალი წესით, ეს პროცედურები ამოვარდება. დაიზოგება დრო და რესურსები, რაც გადამზიდავისთვის პროცესს გაცილებით ეფექტიანს და მოხერხებულს გახდის“- მიიჩნევს ირაკლი ნემსაძე.

მისი თქმით, თურქეთი უდავოდ ქართველი გადამზიდავისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, როგორც ორმხრივი გადაზიდვის, იმპორტის და ექსპორტის შემთხვევაში, ასევე მესამე ქვეყნის მიმართულებით და სატრანზიტო გადაზიდვების შემთხვევაში, ამიტომ ამ მიმართულებით ელექტრონული ნებართვები ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა სასურველია სხვა ქვეყნებთანაც მოხდეს ამ პლატფორმის დანერგვა.

" მომდევნო ქვეყნებად შეიძლება ჩაითვალოს აზერბაიჯანი, რომელიც უკვე შუა აზიასთან დამაკავშირებელი ქვეყანაა და ამ მიმართულებითაც ძალიან პოზიტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები და გვაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში აზერბაიჯანთანაც დაინერგება ა ციფრული ნებართვების სისტემა. შემდეგ ქვეყნებად შეიძლება ჩაითვალოს ყაზახეთის რესპუბლიკა და სომხეთის, როგორც ასე ვთქვათ შემდეგი დამაკავშირებელი რგოლები უკვე სხვა მიმართულებებთან. რამდენადაც ვიცი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობა და ჩვენი ეკონომიკის სამინისტროს გუნდი მუშაობს შესაბამისი ქვეყნების სამსახურებთან და გვაქვს პოზიტიური მოლოდინი. ჩვენ ასევე გვინდა, რომ არა მხოლოდ ნებართვა გაციფრულდეს, არამედ ნებართვაზე განაცხადის გაკეთების პროცესიც გახდეს მაქსიმალურად ელექტრონული და ციფრული, ანუ მისი დისტანციურად განხორციელება იყოს შესაძლებელი. როგორც გვითხრეს ამ მომენტისთვის ამ მიმართულებითაც არის ძვრები", - ამბობს "საქმის კურსთან" ირაკლი ნემსაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები