პარლამენტის დარგობრივმა კომიტეტმა კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში მცირე და საშუალო საწარმოების წინაშე არსებული პრობლემების შესახებ თემატური მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მოკვლევის ფარგლებში კომიტეტს მოსაზრებები და წინადადებები 22-მა დაინტერესებულმა მხარემ წარუდგინა, მათ შორის სამთავრობო უწყებებმა და კერძო სექტორმა.
მოკვლევის დოკუმენტის მიხედვით, პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი დაზარალდა, რომელიც საქართველოში არსებულ საწარმოთა 99,7% წარმოადგენს.
"კრიზისი გაცილებით მძიმედ აისახა მცირე ბიზნესზე დასაქმებულთა რაოდენობის მაჩვენებლის მიხედვით (28%-იანი შემცირება წინა 2019 წელთან შედარებით), ხოლო ბრუნვის შემცირების ყველაზე ნეგატიური მონაცემი საშუალო ზომის ბიზნესზე მოდის (10%-იანი კლება). მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში კი მართალია ვერ შენარჩუნდა ზრდის ტემპი, მაგრამ აღნიშნული პარამეტრებით არც კლებას ჰქონდა ადგილი. მონაცემები იძლევა მყარ მტკიცებულებას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ბევრად მყიფეა კრიზისული პერიოდების მიმართ და არ გააჩნიათ რეაგირების და გადარჩენის სათანადო ინსტრუმენტები", - აღნიშნულია დოკუმენტში.
დაზარალებულ დარგებს შორის დასახელებულია მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმროები; ასევე სარესტორნო ბიზნესი; ტურისტული სააგენტოები და მასთან დაკავშირებული მომსახურების პროვაიდერები, გასართობი ღონისძიებების სექტორი; სპორტული ობიექტები; საბავშვო ბაღები; და მგზავრთა გადაყვანის სერვისები.
რაც შეეხება გამოწვევებს, მოკვლევის თანახმად, მცირე და საშუალო ბიზნესს, პრობლემები განსაკუთრებით რეგიონებში აქვთ. კერძოდ, არ აქვთ პირდაპირი წვდომა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, არ ჰყავთ საკონსულტაციო კომპანიები, არ ჰყოფნით რესურსები, შესაბამისად, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ხდება მასტიმულირებელი პროგრამებისა და პაკეტების შემუშავება და წყდება ესა თუ ის საკითხი, მცირე ბიზნესის ჩართვა პროცესებში ვერ ხერხდება.
დარგობრივი კომიტეტი მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის შედარებით სუსტია კომუნიკაცია. შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობები მიმდინარე პროგრამებსა თუ რეგულაციებზე სათანადო ინფორმაციას არ ფლობენ.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა შეღავათიანი დაფინანსების წყაროებზე წვდომა იქნება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იქნება იაფი კრედიტის გრძელვადიანი მიწოდების ინსტრუმენტის შემუშავება და ამასთან მიმდინარე პროგრამაში შესაძლებელია შევიდეს ისეთი პუნქტებიც, რომლებიც დაეხმარებათ საქმიანობის ხელახლა დაწყებაში მათ, ვინც კრახი განიცადეს პანდემიის დროს.
დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფის ასკვნის იმასაც, რომ პოსტ-კრიზისულ პერიოდში პრობლემების დაძლევის მიზნით ეფექტიანი შეიძლება იყოს ელექტრონული კომერციის დანერგვა.
მნიშვნელოვანი იქნება ასევე გაძლიერდეს იმპორტის ჩანაცვლების ხელშეწყობის პოლიტიკა, რა მიზნითაც სასურველია შემუშავდეს ცალკეული პროგრამები და მიზნობრივი შეთავაზებები გაუკეთდეთ საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო საწარმოებს.
"საერთაშორისო ვაჭრობის თვალსაზრისით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ძირითად გამოწვევებად ისევ რჩება არასაკმარისი ცნობადობა; ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატები; თანამედროვე მანქანა-დანადგარები; ლაბორატორიების არარსებობა, ლოგისტიკა და მარკეტინგი".
დოკუმენტის ავტორები ამბობენ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაზრდისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიზნესის დიჯიტალიზაცია, ხოლო ევროკავშირის ბაზარზე წვდომისთვის შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და ტექნოლოგიების გადაცემის მიმართულებით პროგრამების გააქტიურება.
"საერთაშორისო ხელშეკრულებების, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ფარგლებში საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი ბენეფიტები საექსპორტო პოტენციალის გაზრდისთვის, და ძირითადად ამ ბენეფიტებით სარგებლობენ მსხვილი ბიზნესები, ვიდრე მცირე და საშუალო მეწარმეები. DCFTA-ს ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროს აქვს შესაბამისი ვებ-პორტალი, სადაც ინფორმაცია მოცემულია და პროცედურა აღწერილი. თუმცა, კარგი იქნება თუ უფრო მეტად მარტივი ფორმით იქნება ის ხელმისაწვდომი. პირობითად, როცა მეწარმეს სურს ექსპორტზე გაიტანოს თავისი პროდუქტი ჩინეთის ბაზარზე, მარტივი და გასაგები ფორმით უნდა შეძლოს მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მიღება", - ნათქვამია ანგარიშში.
პოლიტიკის განხორციელების პროცესში მოკვლევის დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე საკითხზე, მათ შორის მთავარია ინფორმაციის მიწოდების „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვა. შესაბამისად თემატური მოკვლევის ჯგუფის რეკომენდაციის მთავარი ადრესატიც ეკონომიკის სამინისტროა. დოკუმენტის მიხედვით, სწორედ აღნიშნულმა უწყებამ უნდა უზრუნველყოს როგორც ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა, ისე საინფორმაციო პორტალის ამოქმედება, სადაც ხელმისაწვდომი იქნება როგორც არსებული შესაძლებლობების, ისე რეგულაციების და სახელმძღვანელო დოკუმენტები.
"მიმდინარე ეტაპზე მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორი ინფორმაციას მიმდინარე პროგრამების შესახებ, ასევე შესაბამის კონსულტაციებს იღებს უშუალოდ განმახორციელებელი სააგენტოების საშუალებით. პროგრამებში მცირე მეწარმეების ეფექტიანი ჩართულობის გაზრდის მიზნით, ოპტიმალური იქნება ერთი საკონტაქტო წერტილის არსებობა, რომელიც მიმართავს პოტენციურ ბენეფიციარს ყველაზე შესაბამისი პროგრამისაკენ და შესთავაზებს შესაბამის კონსულტაციებს/ინსტრუქტაჟს, მიაწვდის ინფორმაციას მიმდინარე და დაგეგმილი ტრენინგების შესახებ და ა.შ", - ნათქვამია დოკუმენტში.




























