მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პროექტების განხორციელება იგეგმება აჭარაში? - ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობის სხდომა გამართა

აჭარის მთავრობა

ტურიზმი, ინფრასტრუქტურული და დეველოპერული პროექტები, სოფლის მეურნეობა და თანადაფინანსება, ჯანდაცვის დაფინანსება, გაზიფიცირება და წყალმომარაგება - ეს ის საკითხებია, რომელზედაც დღეს ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობის სხდომის დაწყებამდე გაამახვილა ყურადღება.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც რეგიონის წარმატებას და აქ მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, ტურიზმი აჭარის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და ტურისტული პოტენციალის გაძლიერება, ახალი პროდუქტების შექმნა, სერვისების გაუმჯობესება და რეგიონის ოთხივე სეზონზე გააქტიურება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება, რაც მგზავრთნაკადის ზრდასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

„რეგიონის სწრაფი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციების მოზიდვა. აჭარის ბიუჯეტი წელს მილიარდ ლარს აღემატება. რეგიონში მიმდინარეობს მასშტაბური საინვესტიციო პროექტების განხორციელება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აჭარა საინვესტიციო რუკაზე მყარ პოზიციებს ინარჩუნებს.

ასევე, რეგიონში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. გზების მშენებლობა 20 მიმართულებით, ჯამში 50 კილომეტრამდე მანძილზე მიმდინარეობს; მსხვილი პროექტების ფარგლებში დაგეგმილია ბათუმი-სარფის 7.5 კილომეტრიანი გვირაბის მოწყობა გზის 11 კმ-იანი გზის მონაკვეთზე. ასევე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია ხულო-ზარზმის გზა, რომლის 47 კილომეტრიდან დიდი ნაწილი დასრულებულია და დარჩენილი 3 კმ-იანი მონაკვეთიც უახლოეს პერიოდში დასრულდება“, - განაცხადა პატარაძემ.

გზების მშენებლობასთან ერთად, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა მაღალმთიან აჭარაში აქტიურად მიმდინარე გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, უკვე გაყვანილია 120 კილომეტრამდე გაზსადენი, რომლის დასრულების შემდეგ ბუნებრივ აირს 30 ათასამდე აბონენტი მიიღებს, ხოლო 39 სოფელში მიმდინარე წყალმომარაგების სამუშაოები 40 ათასი აბონენტისთვის უწყვეტი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს.მიმდინარეობს კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც

„აქტიურად გრძელდება ბათუმისა და ქობულეთის ბულვარის განვითარება. დაგეგმილია ბათუმის ძველი და ახალი ბულვარის მასშტაბური განახლება, ხოლო ქობულეთში უკვე დასრულებულია ბულვარის 600-მეტრიანი მონაკვეთი და იგეგმება მისი გაგრძელება ფიჭვნარის მიმართულებით“, - აღნიშნა პატარაძემ.

როგორც მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, მომავალი თაობის მხარდაჭერა რეგიონის ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბათუმში დასრულდა ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა, ამასთან, იგეგმება ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის სპორტული კომპლექსების მშენებლობაც.

მთავრობის თავმჯდომარემ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებულ პროგრამებზეც ისაუბრა. „ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 87 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო მომავალ წელს იგეგმება 95 მილიონ ლარამდე გაზრდა. მიმდინარე წელს სამინისტროს პროგრამებით უკვე ისარგებლა 30 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა. პარალელურად, რეგიონს სამი ახალი სამედიცინო დაწესებულება შეემატება.

სოციალური ინფრასტრუქტურის მიმართულებით გაგრძელდება პროგრამა - „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“. სოციალური სახლები შენდება ქობულეთსა და ხელვაჩაურში, ასევე მიმდინარეობს „ოცნების ქალაქის“ შემდეგ ფაზაში მორიგი მშენებლობის დაწყების პროცედურები“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, განათლების სფეროს მხარდაჭერა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამები და ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკოლები რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, გრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციაც. მიმდინარეობს ხინოწმინდის ეკლესიის, ბათუმის საკათედრო ტაძრის, ქედის ჯამეებისა და ჩაქვის ლაო-ჯინ-ჯაოს მუზეუმის განახლება.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, სოფლის მეურნეობა რეგიონის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ფართოვდება ფერმერების, საოჯახო მეურნეობების მხარდამჭერი პროგრამები, ასევე გრძელდება ადგილობრივი წარმოებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა.

ზურაბ პატარაძის თქმით, სხდომაზე განხილული პროექტები რეგიონის განვითარებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს და შედეგები საზოგადოებას ეტაპობრივად წარედგინება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები