მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პროგრესს აჩვენებს კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა?

647de2e400d5e
ელენე გოგბერაშვილი
06.06.23 09:30
889
სტატიაში საუბარია:
რეფორმეტრმა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის პროგრესი შეაფასა. შეფასება მოიცავს კაპიტალის ბაზრის განვითარების 2023-2028 წლების სტრატეგიით დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების მიმოხილვას.

საქართველოს მთავრობამ კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია 2022 წლის ბოლოს დაამტკიცა. ახლა პარლამენტში რამდენიმე კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რამაც კაპიტალის ბაზარზე ახალი ფინანსური ინსტრუმენტები უნდა გააჩინოს და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს. საკანონმდებლო აქტიურობის მხრივ პროგრესით კმაყოფილია როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ისე ეროვნული ბანკი.

„ნახევარი წლის პროგრესით რაც შეგვიძლია შევაფასოთ არის ის, რომ იმ ინიციატივებს, რაც გვქონდა საკანონმდებლო მიმართულებით, გარკვეული პროგრესი აქვთ. იქნება ე.წ ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ, სეკიურიტიზაციის თუ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონპროექტები, გვქონდა კერძო-საჯარო დიალოგი, ან პირველი მოსმენები დავხურეთ. ამ მხრივ საგაზაფხულო სესიის დახურვამდე კარგი პროგრესი გვექნება.

ვფიქრობთ, ინსტრუმენტების დანერგვის მიმართულებით რეალურად უფრო წლის მეორე ნახევრისკენ გვქონდეს წინსვლები. ეს ისეთი ინსტრუმენტებია, რომელიც დაფინანსების მხრივ დაეხმარება მეწარმეებს თანხები მოიზიდონ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებიდან და მეორე მხრივ ეს უნდა იყოს კაპიტალის მობილიზებისთვის“,-აცხადებს ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსი გიორგი გურგენიძე.

„ბოლო პერიოდში ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, ძირითადად ორი მიმართულებით. ერთი, რეალურად ბაზარზე აქტივობები მნიშვნელოვნად გაზრდილია, ბოლო 6-7 თვეში დაახლოებით 1 მილიარდზე მეტი ლარის სავალო ფასიანი ქაღალდებია გამოსული. ეს არის ქართული კომპანიების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი, რაც აქამდე არსებულ მაჩვენებელს დაახლოებით ორჯერ აღემატება. ეს მნიშვნელოვანი პროგრესია. ვთვლი, რომ საკმაოდ კარგი ტენდენციაა. იმავდროულად, პროგრესი გვაქვს მარეგულირებელი ჩარჩოს მიმართულებით, რომელიც იქმნება, იხვეწება, რაც ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას.

ბოლო პერიოდში ჩვენ მივიღეთ, საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონი, ამით გავაჩინეთ მნიშვნელოვანი საინვესტიციო ბაზა, მივიღეთ კანონი იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ, მივიღეთ კანონი „ფასიანი ქაღალდების შესახებ“, მიმდინარეობს განხილვა პარლამენტში „ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ კანონის, ასევე „სეკიურიტიზაციის შესახებ“. ეს საკმაოდ კარგ და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს კრავს კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის“,-აცხადებს სებ-ის ვიცე პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა.

ბოლო პერიოდში კაპიტალის ბაზარზე აქტივობა ძირითადად ობლიგაციების გამოშვების ხარჯზე გაიზარდა, თუმცა იმისთვის, რომ კაპიტალის ბაზარი კიდევ უფრო განვითარდეს და მისი წვლილი ეკონომიკაში გაიზარდოს გაგუა აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბაზარზე ე.წ წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტები გამოჩნდნენ.

"მიუხედავად ამისა, დინამიკა მზარდია, მაინც ძალიან დაბალი საწყისი წერტილიდან მივდივართ. მნიშვნელოვანია ე.წ წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტების გამოჩენა ქვეყანაში ანუ აქციების გამოშვების გამოჩენა, რაც არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება.

ჩვენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად კარგი პროგრამა განვახორციელეთ, რომელიც აფინანსებს კაპიტალის ბაზარზე შემსვლელებს და შესვლის პირველადი ხარჯის კომპენსირებას უკეთებს, საკმაოდ ბევრი კომპანია დავაინტერესეთ. მეორე მხრივ ვმუშაობთ, რომ ასეთი პროექტები გაგრძელდეს, სხვა დონორებთან გვაქვს ურთიერთობა.

გვაქვს მოლოდინი, რომ კიდევ უფრო განვითარდება კაპიტალის ბაზარი და არამარტო ობლიგაციების და ბონდების ბაზარი, არამედ აქციების, წილობრივი ფასიანი ქაღალდის ბაზარი“,-აცხადებს ნიკოლოზ გაგუა.

სწორედ სააქციო ბაზრის განუვითარებლობა და ფინანსური ინსტრუმენტების მხრივ დაბალი ცნობადობა სახელდება მთავარ გამოწვევებად, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას აფერხებს.

„მთავარი გამოწვევა კაპიტალის ბაზარზე არის ცნობადობის ნაკლებობა. არც ინვესტორების მხარეს და არც ფინანსური ინსტრუმენტების მხარეს არ არის შესაბამისი ცნობადობა იმისათვის, რომ გაიზარდოს აქტივობა ამ ბაზარზე, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო აქტივობები, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და მარეგულირებლის მხრიდან მეტი ვალიდაცია. მთავარი გამოწვევა ეს არის: ცნობადობა და ცნობიერება ბიზნეს წრეებში“,-აცხადებს რატი მორჩილაძე, „ფორსაით კაპიტალის“ საინვესტიციო ოფიცერი.

მთავრობის გაცხადებული მიზანია 2028 წლისთვის საქართველოს კაპიტალის ბაზარი რეგიონში მოწინავე ბაზრად ჩამოყალიბდეს. ამის მისაღწევად ორი მთავარი მიზანი უნდა შესრულდეს. პირველი, გაიზარდოს კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რაც გულისხმობს როგორც ადგილობრივი ობლიგაციების, ისე სააქციო კაპიტალის ბაზრის განვითარებას და სახელმწიფო საწარმოების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე და მეორე, კაპიტალის სტიმულირება და მობილიზება უნდა მოხდეს ადგილობრივი ფასიანი ქაღალდებისთვის, რისთვისაც უნდა განვითარდეს ინსტიტუციური ინვესტორების ბაზარი, ასევე გაიზარდოს პროფესიონალი და საცალო ინვესტორების, მათ შორის უცხოური ინვესტიციების ჩართულობა ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები