"ქართული ოცნების" მთავრობამ დონორის მიერ გრანტის გაცემის წესი დაამტკიცა. 16 აპრილს ერთპარტიულმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები და საბოლოოდ აუკრძალა დონორებს მათი ნებართვის გარეშე გრანტის გაცემა.
დადგენილებით განისაზღვრა ტექნიკური პროცედურები რისი დაცვითაც უცხოელმა დონორებმა გრანტის გაცემამდე, "ქართული ოცნების" მთავრობას უნდა მიმართონ.
კანონით გრანტის გამცემად (დონორად) მიიჩნევა საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი, უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, აგრეთვე უცხოეთის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. სწორედ მათ მიერ გაცემულ ფინანსურ დახმარებაზე გავრცელდება ახალი წესი.
მთავრობისთვის წარდგენილი გრანტის ხელშეკრულება შემდეგ ინფორმაციას უნდა მოიცავდეს:
- გრანტის გაცემის მიზანი;
- მოცულობა;
- სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულება;
- თანხის ათვისების ვადები
- ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს.
გრანტის ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტები იტვირთება მთავრობის ადმინისტრაციის „ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში“ და ეგზავნება მთავრობის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტს, შინაარსობრივი მხარის შესწავლის მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ გრანტის ხელშეკრულების პროექტზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ეს ნიშნავს მთავრობის უარს გრანტის გაცემაზე, რის თაობაზეც გრანტის ხელშეკრულების მთავრობასთან შეთანხმების ინიციატორ მხარეს ეცნობება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის წერილით.
დადგენილებითვე განისაზღვრა გამონაკლისი, ანუ იმ გრანტების ჩამონათვალი, რომელთა მისაღაბადაც მთავრობის ნებართვა საჭირო არ არის.
მთავრობის ნებართვის გარეშე შემდეგი სახის უცხოური გრანტის მიღებაა შესაძლებელი:
- საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გაცემულ გრანტებზე;
- საქართველოს ფარგლებს გარეთ ზოგადი და უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარებაზე;
- ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ („Horizon Europe“), ევროკავშირის პროგრამა „ერაზმუს+“ („Erasmus+“), გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ და საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ („Creative Europe“) პროგრამის ფარგლებში გაცემულ გრანტებზე;
- 2025 წლის 17 აპრილამდე დადებულ გრანტის ხელშეკრულებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც 2025 წლის 16 აპრილის შემდეგ გრანტის ხელშეკრულებაში შეიცვალა
ამას გარდა, განსხვავებული წესი იმოქმედებს საერთაშორისო საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გაცემულ გრანტებზე. ამ ინსტიტუტების მიერ გაცემულ გრანტებს მთავრობის თანხმობა არ დასჭირდება, თუმცა თუ ისინი საბიუჯეტო ორგანიზაციაზე გასცემს გრანტს, თავად ეს ორგანიზაცია წარადგენს გრანტის ხელშეკრულების პროექტს.
მიმდინარე წლის აპრილში მიღებული კანონით გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. აღსანიშნავია, რომ გასაჩივრება არ აჩერებს მთავრობის გადაწყვეტილებას. მთავრობის თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია, ხოლო უნებართვო გრანტისთვის სასჯელი ეკისრება გრანტის მიმღებს, რაც საგრანტო თანხის ორმაგი ოდენობაა.




























